“ოპოზიციას არც ხალხის მხარდაჭერა აქვს და არც – დასავლეთის” – მამუკა გამყრელიძე

"ოპოზიციას არც ხალხის მხარდაჭერა აქვს და არც - დასავლეთის" - მამუკა გამყრელიძემამუკა გამყრელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ არ შეიძლება ბულინგის ენით ელაპარაკო შენს პარტნიორს. არც თავზე ნაგვის ჩამოყრა შეიძლება:

– ან ალეკო ელისაშვილს როგორ ელაპარაკებიან, ელისაშვილს ჰყავს თავისი ამომრჩეველი და უნდა, შევა პარლამენტში და უნდა, არ შევა. რას ამადლი, რა გინდა?! ყველამ თავის გზა აირჩია. შენ არ გექნება უფლება, ოპოზიციონერის სახელი ატაროო. ეგენი არიგებენ ოპოზიციურ ჩინ-მედლებს?! კარგია, ახლა ქუჩაში რომ დგას ოპოზიცია?!

– ცუდია?

– ძალიან ცუდია! ორი ვარიანტია, ან შენ გაქვს ხალხის სერიოზული მხარდაჭერა, შეგიძლია გამოიყვანო ხალხი ქუჩაში და შეუზღუდო ხელისუფლებას მოძრაობის საშუალება, ან უნდა გქონდეს დასავლეთის მხარდაჭერა. არც ერთი აქვთ და არც მეორე. დასავლეთმა არ დაიჭირა ოპოზიციის მხარე.

ენდიაის კვლევით, 76% ითხოვს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ შენ შეძლებ ხალხის ქუჩაში გამოყვანას?! ვერა, ვერ შეძლებ! ამას სჭირდება, იცით, როგორი მაჩვენებელი?!

– როგორი?

– 80/20-ზე უნდა იყოს შენ სასარგებლოდ! ამიტომ ოპოზიციის ნაწილი უნდა შესულიყო პარლამენტში. მე ხომ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შევალ პარლამენტში, ვერავინ დამაბრალებს, რომ ამას საჩემოდ ვიძახი. აგერ, დაიწყო საპარლამენტო სესია, ვინმე რამეს იძახის? მოვისმინეთ კრიტიკა, რომ საქართველოში ცუდად ჩატარდა არჩევნები? დასავლეთიდან წამოვიდა კრიტიკა? არავინ ხმას არ იღებს.

– ოპოზიცია ამ ბრძოლაში წაგებული დარჩა?

– ოპოზიციამ იფიქრა, რომ აი, ჩვენ არ შევალთ და ხელისუფლება შეშინდება, ჩამოიშლება.  ბაქი-ბუქობდნენ, აი, გაფორმდება ერთპარტიული პარლამენტი და მერე ვნახოთო. აბა რა ვნახოთ?!

– არ იქნება ერთპარტიული?

– ახლა აღმოჩნდება, რომ ერთპარტიული კი არა, ოთხპარტიულია. ფორმალურად, ყველა კანონი დაცულია, ჰოდა, დანარჩენი არავის ადარდებს.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა