ფრიდონ ინჯია – „პარლამენტში პირველი ოპოზიციური პარტია “ევროპელი სოციალისტები” ვართ“

ფრიდონ ინჯია - „პარლამენტში პირველი ოპოზიციური პარტია “ევროპელი სოციალისტები” ვართ““მოსწონს ეს გიგა ბოკერიას თუ არა, პარლამენტში უკვე პირველი ოპოზიციური პარტია “ევროპელი სოციალისტები” ვართ”,- ამის შესახებ პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსის” სიით შესულმა დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

ინჯიას თქმით, წინა მოწვევის პარლამენტშიც მოხდა მსგავსი რამ, როდესაც “ნაციონალურ მოძრაობა” წევრებმა დატოვეს და პარტია “ევროპული საქართველო” ჩამოაყალიბეს.

“სხვათა შორის, შევახსენებ მას, რომ ასეთი გადაწყვეტილებები წინა მოწვევის პარლამენტშიც მიიღო ოპოზიციამ, როდესაც “ნაცმოძრაობას” “ევროპული საქართველო“ გამოეყო და ახალი პარტია შექმნა. ის მოქმედება სამართლიანი იყო და ჩვენი უსამართლოა? ეს არის მისი მხრიდან ორმაგი სტანდარტით მიდგომა საკითხის მიმართ”,-განაცხადა ფრიდონ ინჯიამ, რომლის კომენტარსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ “პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრების პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “ახლა პარლამენტი კიდევ უფრო ერთპარტიულია”. ბოკერიას თქმითვე, ისინი ქართულ პოლიტიკაში არანაირ ადგილს არ დაიკავებენ.