საფრანგეთი საქართველოსა და ევროკავშირის სხვა არაწევრი ქვეყნებისთვის ხვალიდან საზღვრებს კეტავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.
მისი განმარტებით, შეზღუდვა არააუცილებლობით გამოწვეულ მგზავრობას შეეხება.
ამასთან, საფრანგეთი ქვეყანაში შესვლის წესებს ევროკავშირისთვისაც ამკაცრებს. კერძოდ, ბლოკის ნებისმიერი ქვეყნიდან საფრანგეთში შესვლისას მოქალაქემ პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინოს. ეს წესი მანამდე საფრანგეთში მხოლოდ საზღვაო და საჰაერო გზით შემავალ მგზავრებს ეხებოდა, ხვალიდან კი სახმელეთო მგზავრობაზეც გავრცელდება.
ჟან კასტექსმა ასევე განაცხადა, რომ სამგზავრო შეზღუდვების გარდა, ქვეყანაში დაიხურება დიდი არასასურსათო სავაჭრო ცენტრები. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საიდუმლო წვეულებებისა და უკანონოდ გახსნილი რესტორნების წინააღმდეგ პოლიცია მტკიცე ზომების მიიღებს.
ცნობისათვის, საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავა მაღალია. გუშინ ქვეყანაში ვირუსს კიდევ 820 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 75.620-მდე გაიზარდა. საფრანგეთში ყოველდღე, 18:00-დან 06:00 საათამდე, კომენდანტის საათი მოქმედებს.
იპნ

