ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში 14 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. როგორც “ამბებთან” გარდაცვლილი გოგონას ბაბუა აცხადებს, ბავშვი 6 თვის წინ 23 წლის ბიჭმა გააუპატიურა. ფაქტზე გამოძიება დაიწყო და მოძალადე ახლა დააკავეს.
“სახლში რომ დავბრუნდი, ბალის ხეზე ჩამოკიდებული ვნახე. იგი გააუპატიურეს, რის გამოც ექსპერტიზა ჩატარდა და დასკვნას თბილისიდან ველოდებოდით. დაიგვიანა პასუხმა, ეს ბიჭი კი დაკავებული არ იყო… როგორც ვიცი, ბიჭი ჩაქველია… ბავშვი ამ ამბავს დარდობდა და ამაზე არ საუბრობდა… სექსუალური ძალადობის ფაქტი ივლისში მოხდა. აქამდე ბავშვი არაფერს ამბობდა, ალბათ ის ბიჭი ემუქრებოდა. ფაქტის შესახებ გავიგეთ 6 თვის შემდეგ, ანუ 2 თვეა, რაც გაიგო ოჯახმა გაუპატიურების შესახებ.
ბიჭი დაკავებულია. პოლიციამ გოგონას გაუპატიურების შესახებ 2 თვის წინ გაიგო, აქ იყო მოსული და დაგვკითხეს. გოგოზე ოჯახის მხრიდან რაიმე სახის ძალადობას არ ვადასტურებ. 14 წლის ბავშვი იყო, ფაქტის გამო, იგი ოჯახის წევრებს არ უცემია. კისერში აქვს დაზიანება მიღებული, რადგან ჩამოიხრჩო თავი.
ფაქტის შესახებ რომ გავიგე, ვუთხარი: რატომ არ თქვი აქამდე, დავაკავებდით მოძალადე ბიჭს-მეთქი… მან კი იტირა. შევცდი, ბაბუო, მითხრა… მას არ ვეჩხუბებოდი, ამის გამო ხომ არ მოვკლავდი?! ბიჭი 23 წლისაა, ალბათ ინტერნეტით გაიცნო. არაფერი არ შემინიშნავს, ქალაქში ვიყავი და დავბრუნდი, ხეზე ჩამხრჩვალი დამხვდა”, – აცხადებს გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა.
გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ამბები