დათო ტურაშვილი ივერი მელაშვილს – რატომ არ შეიძლება გამოვიყენოთ 1938 წლის რუკა?!

დათო ტურაშვილი ივერი მელაშვილს - რატომ არ შეიძლება გამოვიყენოთ 1938 წლის რუკა?!მწერალი დათო ტურაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ივერი მელაშვილი არც დამნაშავეა და არც გმირი.

– თქვით, რომ მამა კირიონს შეხვდით და მას არ უთმობენ ეთერს სრული სიმართლის სათქმელად. ვინ ბლოკავს მას და რისი თქმა ვერ შეძლო მან?

– არ ვიცი, კონკრეტულად ვინ ბლოკავს მამა კირიონს სატელევიზიო სივრცეში, მაგრამ ვიცი, რომ მას პრეტენზია აქვს არა მარტო წინა, არამედ ამჟამინდელ ხელისუფლებასთანაც გარეჯის საკითხთან დაკავშირებით და ეს პირადად მისგან მაქვს მოსმენილი და არასოდეს შემპარვია ეჭვი მის გულწრფელ სურვილში, რომ ეს საკითხი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ გადაწყდეს.

– ივერი მელაშვილთან რა კითხვები გაგიჩნდათ?

– მამა კირიონმა მაჩვენა ბევრი რუკა, მათ შორის ისეთიც, ნანახი რომ არ მქონდა, მაგრამ მაქვს მთავარი კითხვა ივერი მელაშვილთან, რომელიც მანამდეც მქონდა მასთან – რატომ არ უნდა გამოვიყენოთ 1938 წლის სწორედ ის რუკა აზერბაიჯანელებთან მოსალაპარაკებლად, რის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებაც ორივე მხარეს გვევალება ჯერ კიდევ შევარდნაძისა და უფროსი ალიევის დროინდელი შეთანხმების მიხედვით.

მასზე არაკომპეტენტური ვარ მიწისმზომელობასა და კარტოგრაფიაში, მაგრამ რასაც ივერი მელაშვილი ამბობს და განმარტავს ამ შეკითხვის საპასუხოდ, ჩემთვის მიუღებელი და გაუგებარია.

– ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო აზერბაიჯანთან ამ საკითხის გადაწყვეტა. რატომ?

– გაცილებით ადვილი იქნებოდა ამ საკითხის ჩვენთვის სასარგებლოდ გადაჭრა მანამ, სანამ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას დააპატიმრებდნენ. მეტიც, ან ამ, ან წინა ხელისუფლებას რომ ჰქონოდა მეტი ნება და სიმტკიცე, მეტი ცოდნა და გამოცდილება მშვიდობიანი მოლაპარაკებების თვალსაზრისით, სრულიად საკმარისი არგუმენტები გვქონდა და გვაქვს იმის დასამტკიცებლად, რომ გარეჯი საქართველოა.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა