ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ალეკო ელისაშვილის პარტიის პარლამენტში შესვლაზე საუბრობს:
– ის, რომ ელისაშვილი შევიდა, სულაც არაა ცუდი. მე მომწონს მისი სითამამე და გამბედაობა. კარგად უტევენ “ოცნებას” შიგნით. მე ცალსახად არ მჯერა იმის, რომ ისინი მოსყიდულები არიან. მათ თავიანთი პრინციპები გააჩნიათ, თავიანთი პრინციპებიდან გამომდინარე, მიაჩნიათ, რომ პარლამენტში უნდა იყვნენ.
– რა შედეგს გამოიღებს ეს ყველაფერი?
– ამის მშვენიერი მაგალითი იქნება ადგილობრივი არჩევნები, თუ რამდენ ხმას აიღებს ალეკო ელისაშვილი. წინა ადგილობრივ არჩევნებში, თბილისის მერის არჩევნებში, ალეკო ელისაშვილმა 17% აიღო. მას პარტია არ ჰქონდა და უნიკალური კონკურენცია გაუწია კალაძეს. თითქმის მეორე ტური შეიქმნა. სულ 51% აიღო მაშინ კალაძემ. ელისაშვილი მაშინ მეორე ადგილზე გავიდა და აჯობა ყველა ამ სისტემურ პარტიას.
ოქტომბერში გამოჩნდება, თბილისის მოსახლეობამ მოუწონა მას პარლამენტში შესვლა თუ დაგმო. თუ ელისაშვილი თბილისში აიღებს 17%-ს და მეტს, მაშინ თბილისის მოსახლეობას მოსწონს მისი საქციელი, ხოლო თუ ელისაშვილმა აიღო 15%-ზე ნაკლები ან 10%, ეს უკვე კატასტროფაა. ძალიან მალე გამოჩნდება მისი პარლამენტში შესვლის შედეგი.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა