“ელისაშვილმა აბსოლუტურად მოიჭრა თავი, ტუალეტში რას ამბობდნენ, იმის გამოტანა დაიწყო” – გია ხუხაშვილი

"ელისაშვილმა აბსოლუტურად მოიჭრა თავი, ტუალეტში რას ამბობდნენ, იმის გამოტანა დაიწყო" - გია ხუხაშვილიექსპერტი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილს უნდოდა შესვლა პარლამენტში და შევიდა, როგორც იქნა:

– სამწუხაროდ, ისეთი ფოკუსები ჩაატარა, რომ აბსოლუტურად მოიჭრა თავი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ცუდად იქცეოდა და ეს არის პრობლემა. შესვლა დიდი ხანია, გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ რაღაც ტრიუკებს ატარებდა. რა საჭირო იყო ეს ყველაფერი, ჩემთვის გაუგებარია.

– დესტრუქციულად მოიქცა ოპოზიციის მიმართ?

– არა, აქ ოპოზიციასა და პოლიტიკაზეც არ არის ლაპარაკი. ადამიანური პრობლემები შეექმნა, როდესაც დაიწყო ამბების გამოტანა. ტუალეტში რას ლაპარაკობდნენ, იმის გამოტანა დაიწყო. ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა.

– ადამიანურობის წითელი ხაზები გადაკვეთა?

– რა თქმა უნდა. ყვებოდა რაღაცებს, საკუთარი ინტერპრეტაციებით, როდესაც ორი ადამიანი ლაპარაკობს პრივატულად და შენ ამაზე იწყებ ლაპარაკს, მერე შენს ინტერპრეტაციებს ამატებ და ფაქტობრივად ბრალს სდებ იმ ადამიანს, ეს ძალიან ცუდი საყურებელია. თუმცა ეს მისი პირადი პრობლემაა.

მას აქვს საკუთარი პარტია და პასუხისმგებლობა და არავის აქვს უფლება, რამე უკარნახოს, თუ როგორ უნდა მოიქცეს და მან მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ, რაც ჩაუფინა ამ ყველაფერს, ეს იყო აბსოლუტური კატასტროფა.

– ელისაშვილის ქმედებები მის პოლიტიკურ მომავალზე რა გავლენას იქონიებს?

– არ მაინტერესებს. დიდი ბოდიში, მაგრამ პირდაპირ გეტყვით – ელისაშვილის მომავალი ჩემი ინტერესების სფეროს სცილდება.

– ამას საზოგადოება თავის სახელს არ დაარქმევს?

– ღირსეული საზოგადოება, რომელიც ფიქრობს რაღაცებზე, ბუნებრივია, გააანალიზებს, ის როგორ იქცეოდა.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა