“გახარიამ რიონის ხეობის ნახევარი თურქებს მიჰყიდა” – ლევან ჩაჩუა

"გახარიამ რიონის ხეობის ნახევარი თურქებს მიჰყიდა" - ლევან ჩაჩუამოძრაობა “ქართული იდეის” თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მან მოიპოვა და გამოაქვეყნა პრემიერ გახარიას მიერ ხელმოწერილი მთავრობის განკარგულება 24/5:

– ეს არის დოკუმენტი, რომლითაც თურქულ კომპანიას საკუთრებაში, პირდაპირი მიყიდვის წესით, აძლევენ 300 ჰექტარს, ასევე 99 წლით სარგებლობის უფლებით უთმობენ ხეობის ნახევარს.

– ნამუხვანჰესის მშენებლობაზე საუბრობთ?

– რასაკვირველია. ამ თურქულ კომპანიას შინაგანაწესში უწერია, რომ 2.000-დან 3.000-მდე ადამიანს ჩამოიყვანს თურქეთიდან.

– ესე იგი, ჰესის მშენებლობაზე ისინი იმუშავებენ?

– ადგილობრივებს არ ასაქმებენ. გეგმით, თანამშრომლებიც მათი იქნება. ამაზე უარესია თვითონ გასხვისების ფაქტი. კომპანიას დაგეგმილი აქვს სასადილოს გარდა, სამლოცველოს აშენება. წარმოგიდგენიათ? რიონის ხეობაში მუსლიმანურ სამლოცველოებსა და მეჩეთებს აგვიშენებენ. ცალკე საკითხია ეკოლოგიური საშიშროება. იმედი მაქვს, ეს გეგმები ვერ განხორციელდება.

ჩვენი პოზიცია ასეთია – ჰესი არ უნდა აშენდეს, გახარიამ უნდა დატოვოს თანამდებობა და უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

– რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას “ქართული ოცნება” და ნაციონალური მოძრაობა.

– მიიღებენ, მაგრამ სახეშეცვლილად. გახარიაზე იმიტომ ვლაპარაკობთ, რომ ამ მოღალატურ განკარგულებაზე მისი ხელმოწერაა. ისე, მომხდარზე პასუხისმგებელია მთელი “ქართული ოცნება”, ისევე, როგორც ნაციონალურ მოძრაობასაც უნდა მიეზღოს საკადრისი მოღალატური მოქმედებისათვის. “ოცნებას” გაეცალა ბიძინა ივანიშვილი, რომლის დამსახურებაა “ქართული ოცნების” რეიტინგის 90%.

– გინდათ თქვათ, რომ “ოცნება” პოლიტიკურად დამთავრებულია და არჩევნებზე ხმებს ვეღარ აიღებს?

– დიახ. რიონის ხეობის გასხვისებამ ამ ხელისუფლების რეიტინგი ნულამდე დაიყვანა. ოდიოზურ პირებს – კობახიძეს, თალაკვაძეს, მდინარაძეს, პარტიის სხვა კლანებს, ამომრჩეველი არ ჰყავთ. ნაცმოძრაობასაც სერიოზული დანაშაულები აქვს ჩადენილი. ამიტომ, არსებობს შანსი, რომ გაიმარჯვონ ხალხის ნდობით აღჭურვილმა ძალებმა.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა