ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა უკავშირდება მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პროცესებს:
– ამ ფონზე რა ხდება “ქართულ ოცნებაში”?
– გარკვეული ვადა მისცა ბიძინამ “ქართულ ოცნებას”. თუ ეს პარტია შეძლებს ამ ვადაში და ფეხზე წამოდგება, ისევ იტყვის, ჩემი პარტიააო, თუ საბოლოოდ ჩამოიშალა, მაშინ ახალ პარტიას შექმნის. დღეს ყველა ძალოვანი სამინისტრო ბიძინას განკარგულებაშია და ეს კითხვებს ტოვებს. ეს დიდი ბერკეტი არ დათმო ბიძინამ. ამიტომ ცალსახად იმის თქმა, რომ ბიძინა წავიდა, არასწორია. რაც შეეხება ხელისუფლებაში კულუარულ დაპირისპირებებს, ეს უკვე სხვა თამაშია.
– რა თამაშია?
– დავაკვირდეთ, რა პერიოდებით აყენებენ პრემიერ-მინისტრებს “ქართული ოცნების” პირობებში. წელიწადნახევარი, მაქსიმუმ ორი წელი. მეტი ხნით არც ერთი პრემიერი არ დარჩენილა.
– გახარიას წასვლის დროც მოვიდა?
– საუბარი იმის თაობაზე, რომ გახარიას და ბიძინას შორის სერიოზული კონფლიქტია, არ არის საფუძველს მოკლებული. გახარიას პირდაპირ ვერ ეტყოდნენ, ადექი და წადიო. სიტუაციას უქმნიან ისეთს, რომ წავიდეს. ძნელია, როდესაც პრემიერი ხარ და არ გემორჩილება არც ერთი ძალოვანი მინისტრი, მაგალითად, გომელაური, რომელიც ღიადაა დაპირისპირებული გახარიასა და მის კადრებთან.
– რეგიონებში განხორციელებული საკადრო ცვლილებებიც ამას უკავშირდებოდა?
– რა თქმა უნდა. იძახის გომელაური ინტერვიუებში, ჩემი კადრები უფრო არიან, ვიდრე გახარიასიო. კი, შესაძლოა, მისი მოყვანილი კადრები იყვნენ, მაგრამ დაინახა, რომ გახარიას ემორჩილებოდნენ და იმიტომ მოხსნა.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა