ექსპერტმა გია ხუხაშვილმა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ივერი მელაშვილის შესახებ ისაუბრა:
– მელაშვილი არც გმირია და არც მოღალატე. მელაშვილი ერთი ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც თავის სამუშაოს ასრულებდა და ალბათ შეცდომებსაც უშვებდა. ნუ მოვახდენთ მის იდეალიზებას. რაღაცა ეშლებოდა, რაღაცა – არა, მაგრამ სრულიად აშკარა ფაქტია, რომ მისი დაპატიმრება და მოღალატედ გამოცხადება ხელისუფლებას დასჭირდა წინასაარჩევნოდ, რათა ამომრჩევლის ფაქიზ გრძნობებზე ეთამაშა და ამით არჩევნებზე შედეგი მიეღო. ამ ამოცანის შესასრულებლად ხორცის მანქანაში გაატარეს ორი ხანშიშესული ადამიანი, რომლებთან დაკავშირებითაც იყო რისკი, რომ შეიძლებოდა ცოცხლები ვერ გამოსულიყვნენ ციხიდან.
ეს იყო აგრესიული სადიზმის აქტი, როდესაც სახელმწიფო ღალატი და ერთი ამბავი დააბრალეს ხანშიშესულ ადამიანებს. ივერი მელაშვილს გული რომ გასკდომოდა, მერე სად მიდიოდნენ, ძალიან მაინტერესებს.
– რეალურად მძევლად ხომ არ ჰყავთ დღესაც და ხომ არ უნდა ველოდოთ მძევლების რაოდენობის გაზრდასაც?
– ეს ხომ თავიდანვე ნათელი იყო. ისინი რომ გამოუშვეს და დაკიდეს საქმე, ეს იმიტომ კი არ გააკეთეს, რომ რევერანსი გაუკეთეს ოპოზიციას, არამედ, ეს ხალხი მაინც გამოსაშვები ჰყავდათ. ხელისუფლებამ ეს ხალხი გამოიყენა თავისი მერკანტილური მიზნებისთვის და რაღაცნაირად უნდა, რომ მიფარცხოს და დაივიწყოს ეს საქმე, იმიტომ, რომ ხვალ თუ არა ზეგ ხომ მოსთხოვენ, სად არის გარეჯიო. ეს იციან და ამიტომ უნდათ, ამ საკითხს აქტუალობა დაუკარგონ.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა