“გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ 3%-იან ბარიერზე არის წამსვლელი:
– ეს თქვა თალაკვაძემ. 3%-იანი ბარიერი 5%-იან ბარიერს სჯობია, თუმცა არ არის უბარიერო და, თუ უბარიერო არ არის, მაშინ სხვა პოლიტიკოსების შეყვანის შანსი არ არსებობს. ეს არ არის ის, რის გამოც თავის დროზე შეიკრიბა ოპოზიცია.
ჩვენ გვჯერა, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში, თუ მოხდება ის, რის გამოც თავის დროზე შეიკრიბა – ეს არის პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით.
– ოპოზიცია ხაზგასმით ამბობს, რომ პარლამენტში მხოლოდ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში შევა. თქვენ რა გაძლევთ რწმენას, რომ მას შეიყვანთ?
– ოპოზიციაში არის 50 ადამიანი. ჩვენ გვჭირდება 13 ხმა. თქვენ 50 ადამიანისგან არ მოგისმენიათ, ისინი სადმე შევლენ თუ არ შევლენ. ის ხალხი გადამალული ჰყავთ საკუთარი პარტიების ლიდერებს. ჩვენ გვინდა, გვქონდეს კარგი წინადადება „ქართული ოცნებისგან“, რომ ეს ხალხი გამოვიყვანოთ ჩრდილიდან. ამისთვის კი გვჭირდება წესიერი პირობები ხელისუფლებისგან.
– ანუ თქვენ ამბობთ, რომ თუ ხელისუფლებისგან დაიდება კარგი წინადადება, ოპოზიციიდან 13 ადამიანს დაითანხმებთ პარლამენტში შესვლაზე, რაც საჭიროა ცვლილებებისთვის?
– ჩვენ ასეთი რწმენით ვმოძრაობთ. გამოვა თუ არა ეს, 100%-ით არავინ იცის, მაგრამ თამაშია, მჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ, თუ ხელისუფლებას მაინც ენდომება, რომ შედგეს ეს პარლამენტი. ერთ-ერთ მხარეს – ხელისუფლებას ან ოპოზიციას რომ უნდოდეს, ეს პარლამენტი შედგეს, პარლამენტი შედგებოდა.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა