დღეს, 9 თებერვალს, ხოფის ბაზრობაზე ტანსაცმლის მაღაზია დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაიწვა მაღაზიაში არსებული საქონლის დიდი ნაწილი.
ხანძრის ჩაქრობის შემდეგ ბაზრობის მოვაჭრეები შეეცადნენ მაღაზიის მეპატრონეს დახმარებოდნენ გადარჩენილი საქონლის დახარისხებაში.
ხოფის ბაზრობა, ხანგრძლივი ლოქდაუნის შემდეგ, გუშინ გაიხსნა. ხანძრის მიზეზი ჯერ არაა დადგენილი, მაგრამ მოვაჭრეები ძველ ელექტროსადენებზე მიანიშნებენ და არ გამორიცხავენ, რომ ხანძარი მოკლე ჩართვის შედეგად გაჩნდა.
“იმხელა ბოლო ამოვარდა, მგონი, მთელი ხოფა დაიფარა”, – ამბობს ერთერთი მოვაჭრე.
“რაც მთავარია, დაზიანებული არავინაა, დანარჩენს ეშველება”, – თქვა მოვაჭრე კაცმა.
ჯერჯერობით უცნობია, ჰქონდა თუ არა დაზღვეული მოვაჭრეს მაღაზია, რომელიც დაიწვა. ასევე, დაუდგენელია, როდის მოახერხებს მერია დაზარალებულისთვის კომპენსაციის თანხის გაცემას ან საერთოდ, გაიცემა თუ არა ეს თანხა.
ხოფის ბაზრობაზე ეს ხანძრის პირველი შემთხვევა არაა – მასშტაბური ხანძარი ამ ბაზრობაზე 2014 წელსაც გაჩნდა.
მთავარი

