ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ძალიან დიდი გულუბრყვილობა იყო იმაზე საუბარი, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა:
– ამას ამბობდნენ ოპოზიციაშიც, ოღონდ რა მიზანი ჰქონდა ამას? ვინმეს ამის სჯეროდა? ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც არ სჯეროდა ივანიშვილის წასვლის, ამას მაინც ირწმუნებოდა.
– ეს რაში სჭირდებოდათ?
– ფიქრობდნენ, თუ იტყოდნენ, რომ ივანიშვილი წავიდა, ამით მოახდენდნენ “ოცნების” დემორალიზებას. ეს მიდგომა არ იყო სწორი. ივანიშვილი არსად წასულა. ის, უბრალოდ, გავიდა მომსახურების ზონიდან ვიღაცებისთვის, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში დაბრუნდება. მან დატოვა თავისი მძევლები, რომლებსაც არავითარი მითითება არ სჭირდებათ ივანიშვილისაგან. ყველამ ძალიან კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს. პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში არიან ხელშეუხებელი ადამიანებიც და თავზე ხელწამოსაკრავებიც.
– ვინ არიან ხელშეუხებლები?
– ხელშეუხებელი ადამიანები არიან ისინი, რომლებიც წარმოადგენენ ბიძინა ივანიშვილის ორეულებს, ალტერ ეგოს. ვინ არიან ისინი? ისინი, ვინც გამოიზარდნენ მის სკამზე – უშიშროების მინისტრი, შს მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ყოფილი იუსტიციის მინისტრი, ასევე ფინანსთა მინისტრი, რომელმაც იცის, ფული სად გაედინებოდა. ის არ არის ივანიშვილის გუნდის წევრი, მაგრამ ურჩევნია, ახლოს ჰყავდეს, ვიდრე შორს.
დანარჩენები, იქნება ეს განათლება, იუსტიცია თუ საგარეო საქმეთა, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტრო – ესენი მეორეხარისხოვანნი და თავზე ხელწამოსაკრავები არიან. საგარეო საქმეთა მინისტრი არ შეიყვანეს პოლიტსაბჭოში! რის გამო? იმის გამო, რომ ის არ არის ივანიშვილთან დაახლოებული პირი.
ივანიშვილი ოპერატიულ ჩარევებს განერიდა, თორემ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მის გარეშე არავინ მიიღებს.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა