“ივანიშვილი კობახიძესაც ჰპირდებოდა პირველობას და გახარიასაც”

"ივანიშვილი კობახიძესაც ჰპირდებოდა პირველობას და გახარიასაც"„თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ეს ხელისუფლება მშვიდობიანი გზით უნდა გავუშვათ.

– ესე იგი, რიგგარეშე არჩევნებით? ოპოზიციის ნაწილის აზრით, ვადამდელი არჩევნების გამართვა უკეთესია 2022 წელს.

– ეს ხელისუფლება ბოროტებაა. რაც მალე წავა, მით უკეთესი იქნება. თარიღს ვერ ვიტყვი. კარგია, რომ წელსვე დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. მომავალ წელსაც შეიძლება. თუ გაჭიმავს, ეს ცუდი იქნება, შეიძლება, უარესი პროცესები წავიდეს. საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ „ოცნების“ მშვიდობიანად გასაშვებად.

– ბიძინა ივანიშვილის წასვლის არ გჯერათ. თუნდაც ის ჩრდილში იყოს, რეალობა ხომ მაინც შეიცვალა?

– შეიცვალა ის, რომ უთანხმოება „ოცნებიდან“ გარეთ გამოვიდა. ახლა ივანიშვილი ამათ დააჭმევინებს ერთმანეთს. ადრე ცალ-ცალკე ყველას პირველობას ჰპირდებოდა.

– პირველობას ბევრს ვერ შეჰპირდებოდა.

– კობახიძესა და გახარიას ჰპირდებოდა პირველობას, გარანტიებს აძლევდა. ივანიშვილი ორივეს ცალ-ცალკე ეუბნებოდა, მხარში ამომიდექით და ძალაუფლება გექნებათო. ახლა სიტუაციის გარკვევის დროა, ზოგს გასწევს, ზოგს გამოსწევს. ისე, კობახიძეც ფეხებზე ჰკიდია, გახარიაც და ქვეყანაც. დროზე უნდა შევცვალოთ ხელისუფლება, თორემ ეს კაცი ვის მიჰყიდის საქართველოს, არავინ იცის. საზოგადოებამ უნდა გამოიღვიძოს.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა