დღეს, 11 თებერვალს, მთავრობის მორიგი სხდომა ისე დაიწყო, რომ ტრადიციული გამხსნელი სიტყვით პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია არ გამოსულა. ეს “უჩვეულო” დუმილი დროში ემთხვევა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ბოლო სხდომებს, რომლებიც მის გარეშე ტარდება. ეს ფაქტი კიდევ უფრო ამყარებს გავრცელებულ ვერსიას, რომ ირაკლი კობახიძესა და გიორგი გახარიას შორის დაპირისპირებაა და შესაძლოა პრემიერმა პოსტი დატოვოს.
მმართველ გუნდში დაპირისპირებას უარყოფენ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ამ კითხვაზე პასუხზე უარი თქვა, ვიცე-პრემიერმა, დავით ზალკალიანმა კი გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდული უწოდა.
“იმდენად არასერიოზული და აბსურდული განცხადებაა, რომ მემგონი არც ღირს ამაზე კომენტარის გაკეთება. არავინ პოსტს არ ტოვებს, გიორგი გახარია ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობას, ის არის ღირსეული სახელმწიფო მოხელი, მოღვაწე”, – თქვა მან.
“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახი კალაძის განცხადებით კი, მედია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
“ბოლო დღეების განმავლობაში, რაც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა, თქვენი კონკრეტული ტელევიზიები, ცდილობთ, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, თითქოს მმართველ პარტიაში არის დაპირისპირება, რა ვიცი, ათას სისულელეს იგონებთ, თითქოს მე ვინმესთან ვიყო დაპირისპირებული, კობახიძესთან, კობახიძე გახარიასთან, გახარია გომელაურთან, თუმცა ამ დროს ვხედავთ იმას, რომ ოპოზიციურ რიგებში მიმდინარეობს დაშლა, ესაა რეალობა”, – თქვა მან.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ გიორგი გახარია პოლიტსაბჭოს სხდომას მხოლოდ ერთხელ დაესწრო.
მთავარი

