„კალაძის გვერდზე გაწევა „ოცნებას“ ძვირად დაუჯდება“

„კალაძის გვერდზე გაწევა „ოცნებას“ ძვირად დაუჯდება“ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესებზე საუბრობს:

– ადგილობრივ არჩევნებამდე გუნდში იქნება მოჩვენებითი ჰარმონია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ რამდენ ქულასა და ხმას მოიტანს რეგიონებიდან.

“ქართულ ოცნებას” ორი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი. პირველი, წარმატებას მიაღწიოს ადგილობრივ არჩევნებში და ადგილობრივი არჩევნებიდან გამომდინარე დაგეგმოს, როდის ჩატარდება შემდეგი საპარლამენტო არჩევნები.

2024 წლის არჩევნები ძალიან პრინციპული არჩევნებია. ის ტარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით. ამიტომ სიებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვინ დააკომპლექტებს სიას 2024 წლისთვის, ეს გამოიკვეთება ადგილობრივი არჩევნების შემდეგ.

– ვისი კლანი გაძლიერდება?

– კალაძეს დიდი რესურსები გააჩნია. მას თბილისი აქვს, ასევე იმერეთში საკმაოდ კარგი გავლენები აქვს, სამტრედიის მაჟორიტარი იყო, ქვემო ქართლშიც მას დიდ პატივს სცემენ, ენერგეტიკის მინისტრი რომ იყო, ბოლნისსა და მარნეულში დიდი უპირატესობა მოიპოვა.

– მას ებრძვიან “ოცნებაში” და მის გვერდზე გაწევას ცდილობენ. ამაზე რას იტყვით?

– ჯერ კიდევ საკითხავია, ვინ გაიწევა გვერდზე. კალაძე გასწევს “ოცნებას” თუ “ოცნება” გაწევს კალაძეს, იმიტომ, რომ “ოცნება” კალაძის გარეშე სულ სხვა “ოცნებაა”, ხოლო კალაძე “ოცნების” გარეშეც კალაძეა. თუ ვიღაცა მოინდომებს კალაძის გაწევას, ეს ძალიან სახიფათო იქნება, რადგან კალაძის გარეშე ვინც რჩება, ისინი სულაც არ არიან კალაძეზე ძლიერები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, კალაძე დააყენებს თუ არა თავს მერად. თუ არ დააყენა, ე.ი. ის იბრძვის პრემიერობისათვის, ხოლო თუ დააყენა, მაშინ ის ელოდება 2024-ის საპარლამენტო არჩევნებს.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა