ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ უშიშროებასა და მერიას შორის სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს.
– ცდილობენ, რომ კალაძის ამბიციები მოთოკონ?
– რა თქმა უნდა, ასეა. დღეს კალაძეს სწორედ ის ადამიანები დაუპირისპირდნენ, რომელთაც ყველაზე მეტად ენდობოდა.
– ირაკლი კობახიძეს გულისხმობთ?
– ზუსტად კობახიძეს ვგულისხმობ. კალაძის ჩამოლაბორანტება მოხდა პარტიულ სტრუქტურაში, ვგულისხმობ ვასილ მაღლაფერიძის დაწინაურებას და კალაძეზე წინ დაყენებას. ანუ პირდაპირ ეუბნები, პარტიიდან წადიო. ცოტა უხერხულია, როცა 8 წლის განმავლობაში შენ ხარ ხან პირველი და ხან მეორე, უეცრად მოჰყავთ კობახიძე, რომელიც აღმოჩნდა ივანიშვილის გოშია და არა კალაძის, ან მოჰყავთ ვასილ მაღლაფერიძე, საერთოდ უცხო სხეული პარტიაში და კალაძეს ეუბნებიან, ჩაიჩოჩეო.
– ჩააჩოჩეს?
– ყველანაირად ჩააჩოჩეს. თავმოყვარე ადამიანი ერთს შეუკურთხებდა და წავიდოდა პარტიიდან, მაგრამ აქ სხვა პროცესებს უნდა ველოდოთ.
– რა პროცესებს?
– 2017 წლიდან სულ მომდიოდა ხმები, რომ კალაძე ახალი პარტიის შექმნას აპირებდა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. დღეს კალაძეს შეუქმნეს ისეთი სიტუაცია, რომ იძულებულს ხდიან, ეს ნაბიჯი გადადგას.
– მალე ადგილობრივი არჩევნები მოდის. დააყენებს კალაძე მერად ისევ საკუთარ კანდიდატურას თუ პრემიერობას მოინდომებს?
– კალაძეს მერად დარჩენაც გაუჭირდება. დღეს მთელ მის გუნდზე უშიშროებაა ჩასაფრებული. პირდაპირ მიანიშნებს კალაძე გამგებლებს, ფრთხილად იყავითო. კამერებიდან აფრთხილებს, მოთოკეთ თქვენი სურვილებიო.
დღეს აქტიურად მუშაობს “ოცნების” ერთი ფრთა, რომ კალაძეს ამბიციები მოუკლან. პრემიერობა კი არა, კალაძეს ისე უჩალიჩებენ სიტუაციას, რომ მერადაც აღარ წარადგინოს კანდიდატურა.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა