ხათუნა სამნიძე – “უბარიერო საარჩევნო სისტემის კენჭისყრაში რესპუბლიკელები მონაწილეობას მივიღებთ”

ხათუნა  სამნიძე - "უბარიერო საარჩევნო სისტემის კენჭისყრაში რესპუბლიკელები მონაწილეობას მივიღებთ"რესპუბლიკური პარტიის წევრის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ ხელისუფლება უბარიერო საარჩევნო სისტემას დაარეგისტრირებს, ის და თამარ კორძაია მზად არიან, პარლამენტში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ.

“როცა გვესმის მეორე მხრიდან, ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ ბუნებრივი ბარიერით პროპორციულ სისტემაზე, იმ შემთხვევაში თუ სხვა პარტიები მზად იქნებიან, შემოვიდნენ პარლამენტში და დისკუსია გამართონ, აქ მინდა, მე მათ მივმართო და დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები ოპოზიციური პარტიებიდან გაითავისებენ ჩვენ ამ ინიციატივას – რომ წინაპირობებით არ უნდა ელაპარაკებოდეს ხელისუფლება დღეს ოპოზიციას.

თუ ის ბედავს, თავაზობს და მზად არის, შემოგვთავაზოს უბარიერო პროპორციული სისტემა და დაარეგისტრირებს ამ კანონპროექტს, ჩვენ, რესპუბლიკელები მზად ვართ, რომ ამ კანონპროექტის კენჭისყრის დროს 3 მოსმენით, მხარი დავუჭიროთ და მივიღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა”, – თქვა ხათუნა სამნიძემ ტვ პირველის ეთერში.

მოგვიანებით, “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” სამნიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რესპუბლიკელები ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, თუმცა ბუნებრივი ბარიერით პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქვეყნის მომავლისთვისაა მნიშვნელოვანი.

“ჩვენ მომავლის კენჭისყრაზე ვამბობთ, რომ უარის თქმა გაუჭირდება ყველა პოლიტიკურ პარტიას… ჩვენ ვრჩებით ბოიკოტის რეჟიმში და ველოდებით, გაბედავს თუ არა “ქართული ოცნება” ასეთი კანონპროექტის დარეგისტრირებას, რომ მომავალში არ გვქონდეს იგივე სიტუაცია – თქვა ხათუნა სამნიძემ “დღის სტუმარში.