პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძის ინიციატივა 2022-ში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ არ არის მთლიანი ოპოზიციის გადაწყვეტილება.
– თქვენ ემიჯნებით ხაზარაძის ინიციატივას?
– არამარტო მე და ჩემი პარტია ვემიჯნებით, არამედ ემიჯნება ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, ბატონი შალვა ნათელაშვილი, ასევე ნაციონალური მოძრაობა და პარტიების უმრავლესობა, ვინც იქ ვსხედვართ.
– მოვისმინე ასეთი შეფასებებიც, რომ ვინც 2022-ზე აკეთებს აქცენტს, ისიც “ოცნების” თამაშს თამაშობს. შესაძლოა ხაზარაძეც ვიხილოთ პარლამენტში?
– დარწმუნებული ვარ, “ლელოს” თავს დაუქნევს “ქართული ოცნება”, შემოდით და, კი ბატონო, იყოს 2022-ო. აქეთ “გირჩის” განცხადებები მოვისმინეთ კიდევ, რომ ვითომ ახალი ამერიკა აღმოაჩინეს, რომ თუ იქნება ბარიერი 0,67%, ამ შემთხვევაში ისინი მზად არიან შევიდნენ პარლამენტში. არითმეტიკა ყველამ ვიცით. 100-ს რომ გავყოფთ 150-ზე, ვღებულობთ 0,67-ს. ამიტომ, რასაც “გირჩი” ამბობს, ეს უკვე “ქართული ოცნების” თამაშია.
– ანუ “გირჩიც” შევა?
– მათი განცხადებებიდან ასე ჩანს. ამ განცხადებებით კი “ოცნების” წისქვილზე ასხამენ წყალს. ამ ადამიანებს შეუძლიათ პირდაპირ თქვან, შესვლა გვინდა და შევდივართო. შევიდნენ, ვინ იჭერს. დაგვანებონ თავი, ადგნენ და შევიდნენ, “ქართულმა ოცნებამ” კი იძახოს, აი კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია შემოვიდა. დღეს თუ არიან 96, იქნებიან 98, ან 100 და ამით მორჩება. ამის მიუხედავად, მაინც ერთპარტიულებად დარჩებიან, იმიტომ, რომ ვერ მიიღებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს.
ამიტომ არ შეუჩერეს მანდატები, ერთპარტიულად დარჩენის შიში რომ აქვთ.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა