“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატები პარლამენტში არ შეუშვეს.
დიმიტრი საძაგლიშვილი, ბექა ბასილაია და გიორგი კონდახაშვილი საკანონმდებლო ორგანოში საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დასწრებას ითხოვენ, სადაც საქმის პროკურორს უნდა მოუსმინონ.
“სრული უფლება გვაქვს დავესწროთ სხდომაზე და დავსვათ ის კითხვები, რომელიც საზოგადოებას აქვს. მთავარი შეკითხვა არის, რა არის საფუძველი, რის გამოც გამოიყენებენ, ნიკა მელიას დაპატიმრებას. ამისთვის აუცილებელია იყოს მიმალვა, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და მტკიცებულების განადგურება. მომზადებულ კითხვებს ახლა ჟურნალისტებს გადმოგცემთ. ავითარებენ ნარატივს, რომ მელიამ გირაო არ გადაიხადა, რაც არის სიცრუე”,- აცხადებს ნიკა მელიას ადვოკატი.
ამ დროისთვის პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება, მონაწილეებს პარლამენტთან სიმბოლურად მავთულხლართები აქვთ მიტანილი.
აქციის მონაწილეები ცდილობენ, პარლამენტის შენობაში მანქანების შესვლა შეაფერხონ, თუმცა ადგილზე შეკრებილი სამართალდამცველები ამის საშუალებას არ აძლევენ.

