“ოცნებაში” ისეთი ამბავი ატყდება, დედა შვილს არ აიყვანს ხელში” – მამუკა გიორგაძე

"ოცნებაში" ისეთი ამბავი ატყდება, დედა შვილს არ აიყვანს ხელში" - მამუკა გიორგაძესახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე “ახალ თაობასთან” ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.

– ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლისა ბევრს არ სჯერა, თუმცა, “ოცნების” ამომრჩევლისათვის ის წასულია. თქვენ რას იტყვით?

– ამ კუთხით არ გამოვრიცხავ მძაფრ მოვლენებს. ყველაფერს ნათელი მოეფინება ერთ-ორ თვეში. თუ ბიძინა ივანიშვილთან დაკონტაქტებას ეცდებიან “ქართული ოცნების” აქტიური წევრები და ის არ უპასუხებს “ოცნებიდან” წამოსულ ზარებს, ისეთი ამბავი ატყდება, დედა შვილს არ აიყვანს ხელში. თუ ასეთი კონტაქტები შედგება და ამის თაობაზე შეიტყობენ ისინი, ვის წინაშეც ივანიშვილმა აიღო ვალდებულება (გარე ძალები), მაშინ ის უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. ნებისმიერ შემთხვევაში აღმოვჩნდებით კრიტიკულ მდგომარეობაში.

– სხვა სახის კრიზისიც იქნება? 

– “ქართულმა ოცნებამ” დაკარგა თავისი ნდობა. 2012 წელს მოსახლეობის 90% მისი მომხრე იყო. ახლა ხშირად ამბობენ, რომ ნაციონალურ მოძრაობას არჩევნებში ნახევარი მილიონი ხმა აქვს აღებული. “ოცნება” არ აანალიზებს, რომ ეს გარკვეულწილად მისი საწინააღმდეგო ხმებია. “ქართულმა ოცნებამ” გააგრძელა ნაცმოძრაობის კურსი.

– რაზე საუბრობთ?

– 2000 წლის შემდეგ საქართველოს არც ერთი მოწვევის პარლამენტში არ ყოფილა ნამდვილი ოპოზიცია. ოპოზიციად ითვლებოდა ის, ვინც ვერ დაალაგებდა ზოგიერთ თემას ხელისუფლებასთან. არც მოქალაქეთა კავშირი და აღორძინება ყოფილან ერთმანეთის ნამდვილი ოპონენტები და არც სხვები.

ახლა, რამდენი ხანია, გვაყურებინებენ აბსურდულ სცენებს – მმართველი პარტია იხვეწება, პარლამენტში შემოდითო, ოპოზიცია კი ცოცხალი თავით ამას არ შვრება.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა