სამოქალაქო აქტივისტი დიტო ბიძინაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში კახა კალაძის შესახებ საუბრობს:
– ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაფერში აკეთებს ფულს. საკუთარი შემომწირველები შეჰყავს და მათ აგებინებს ტენდერს.
– კალაძე თავისი ფულით მოვიდა პოლიტიკაში.
– კი, თავიდან ყველა ამბობდა, რომ მან ფეხბურთის თამაშით იშოვა ფული, მაგრამ კალაძე როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში, მას ჰქონდა მილიონნახევრის ქონება. ხელისუფლებაში ყოფნის დროს 4,5 მილიონი დოლარის ქონება შეიძინა. ეს ნიშნავს იმას, რომ თბილისელების ხარჯზე შოულობს ის ფულს.
უამრავი საქმეა აღძრული კალაძის წინააღმდეგ და მისი ოჯახის წევრების მიმართაც. სუსში დევს დოკუმენტი, რომელიც ჯერჯერობით არ არის გამოძიებული, რომელიც უკავშირდება მისი ცოლისძმას, არეშიძეს, რომელიც კალაძემ საქალაქო სამსახურის უფროსად დაუნიშნა ნარმანიას თავის დროზე.
– ვისთანაა კალაძე დაპირისპირებული?
– კალაძესა და ლილუაშვილს შორის არსებობს სერიოზული დაპირისპირება და ეს გამოწვეულია სამშენებლო ბიზნესით. ყველას გვახსოვს, სამშენებლო კომპანია “სვეტი” რომ გააძევეს სამშენებლო ბიზნესიდან და მისი მფლობელი დააკავეს. სწორედ ამ კომპანიაში მუშაობდა ლილუაშვილის მეუღლე. რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ლილუაშვილი “კრიშავდა” ამ კომპანიას. სწორედ აქედან ჰქონდა მას თანხები. კალაძე კი ადგა და ეს კომპანია ბაზრიდან გააძევა და შემოიყვანა არქიჯგუფი და წულაიები, რომელიც მისი ნათელმირონი და მისი ახლობლები არიან.
– ლილუაშვილი ცდილობს, რომ სამაგიერო გადაუხადოს?
– რა თქმა უნდა და დარწმუნებული ვარ, სრული თავისუფლება აქვს მიცემული კალაძესთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც კალაძე თათბირზე იჯდა, მის გამგებლის მოადგილეს არავინ დააკავებდა.
ლილუაშვილი კალაძის დევნას და მისი კადრების შევიწროებას გააგრძელებს. ლილუაშვილი ივანიშვილთან ყველაზე მეტად არის დაახლოებული და არა მგონია, მას ვინმე შეეხოს. ცოტა ხანში აღმოვაჩენთ, რომ კალაძის ახლობლების დაჭერა დაიწყეს.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა