ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ არაფერი დაუშავდება გახარიას, თუკი ხალხის დიდი ნაწილი იფიქრებს, რომ გახარია რეალურად ბიძინასთანაა შეკრული:
– არსებობენ იმედგაცრუებული მეოცნებეები. ეს დიდი მასაა და ისინი სიამოვნებით მისცემენ ხმას გახარიას, თუ იფიქრებენ, რომ გახარია არის ბიძინასთან.
– ანუ ეს სიმართლე რომც არ იყოს, გახარიას აწყობს ამაზე საუბარი?
– რა თქმა უნდა, გახარიას ეს საუბრები აწყობს.
– შესაძლოა, გახარია იქცეს მესამე ძალად, თუკი ის პოლიტიკურ პარტიას შექმნის?
– გახარია ძირითადად წამოიღებს იმედგაცრუებული მეოცნებეების ხმებს, თუმცა, გააჩნია, როგორ იმუშავებს, ვის შემოიკრებს. ვნახოთ.
– თუკი ბიძინას თამაშს თამაშობს, მაშინ გახარიას კადრებს არ მოხსნიდნენო.
– რატომაც არა? თუ ბიძინას თამაშს თამაშობს, შესაძლოა, ესეც ჩაწყობილია და სპეციალურად გაუშვან მისი კადრები მეტი დამაჯერებლობისთვის.
– გიორგი ვაშაძეს რამდენად მოიაზრებთ გახარიას გუნდში? ასეთი მესიჯები გაისმა, რომ გახარიაც და ვაშაძეც ჩხარტიშვილის გუნდის წევრებად მოიაზრებიან.
– მე არ ვიცი, რამდენად არის ჩხარტიშვილი ამ ყველაფრის შუაში, მაგრამ თაკო ჩარკვიანმა ისეთი განცხადებები გააკეთა, რომ ვაშაძეს ძალიანაც რომ უნდოდეს გახარიასთან, მგონი, გაუჭირდება.
– გახარიას გააქტიურებას თვითმმართველობის არჩევნებისთვის ელოდებით?
– წესით, ასე უნდა იყოს. ტყუილად არ გააკეთებდა გახარია ამ განცხადებას. მშვენიერი შესაძლებლობაა ადგილობრივიც და თუნდაც ვადამდელი არჩევნებიც.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა