“გახარიას გუნდში სააკაშვილის პროკურორი მეზვრიშვილია” – გიგლა ბარამიძე

"გახარიას გუნდში სააკაშვილის პროკურორი მეზვრიშვილია" - გიგლა ბარამიძედამოუკიდებელი პოლიტიკოსი გიგლა ბარამიძე “ახალ თაობას” გიორგი გახარიას პოლიტიკურ მომავალზე ესაუბრა.

– ზოგი თვლის, რომ “ოცნებას” გახარია მოუბრუნდება ბუმერანგად. გიორგი გახარია უბრალოდ კი არ მოიაზრება ახალი გაერთიანების, ანუ ე. წ. მესამე ცენტრის ლიდერად, მას ყველანაირად აპიარებენ. ამჟამად მისი ბამბაც ჩხრიალებს.

– პიროვნულად არ ვაკრიტიკებ. პრემიერობისას გახარიას საზოგადოებისთვის კარგით თავი არ დაუმახსოვრებია, თუ თვალის ჩაკვრას არ ჩავთვლით. საზოგადოების მხრიდან გადამეტებული ქება-დიდება უკავშირდება ჩვენს კერპთაყვანისმცემლობას. მართლმადიდებლები ვართ, მაგრამ პოლიტიკაში კერპები გვიყვარს. აიჩემებენ რომელიმე პირს და შეიყვარებენ. ახლა გახარია შეიყვარეს. მის გარემოცვაზე ის შემიძლია ვთქვა, რომ მის გუნდში არიან სააკაშვილის ყოფილი პროკურორები. მაგალითად, მეზვრიშვილი.

– გახარიას გარედანაც ეხმარებიან.

– ეს ჩვენი პოლიტიკური ინსტიტუტების სისუსტის ბრალია. როცა სუსტი ინსტიტუტები გაქვს, ყველა ცხვირს ჩაგიყოფს ყველაფერში. როცა ასეა, შეიძლება პარტია შეგაქმნევინოს ჩრდილოეთმა, დასავლეთმა, სამხრეთმა და აღმოსავლეთმა. შენ უნდა იყო შენი ქვეყნის პატრონი, თორემ სხვა გამოიყენებს საქართველოს გეოსტრატეგიულ დანიშნულებას. ეს ისტორიული კანონზომიერებაა. თუ სხვას შეეძლევი, თუ იტყვი, რომ სხვამ უნდა გაჭამოს, დაგბანოს და დაგიცვას, ისიც არ დააყოვნებს. საუბედუროდ, ჩვენი საზოგადოების ცნობიერება იმაზეა აგებული, რომ სხვამ უნდა მოუაროს.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა