გერმანია ასტრაზენეკას ვაქცინის მიმართ პოზიციას ცვლის და მის გამოყენებას 65 წელს გადაცილებული ადამიანების ასაცრელადაც გეგმავს.
ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.
მისი თქმით, ბოლოდროინდელმა კვლევებმა საკმარისი მონაცემები უზრუნველყო იმისთვის, რომ ვაქცინა ყველა ასაკის მოქალაქის ვაქცინაციისთვის გამოიყენონ. მანამდე გერმანიამ ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენების ნებართვა მხოლოდ 65 წლის ასაკამდე პირებისთვის გასცა, რის მიზეზადაც ქვეყანამ არასაკმარისი მონაცემების არსებობა დაასახელა.
ამ ნაბიჯმა ვაქცინის ეფექტურობის მიმართ საზოგადოების სკეპტიციზმი გამოიწვია, რის გამოც ასტრაზენეკას ვაქცინის უამრავი დოზა გერმანიაში ჯერ კიდევ გამოუყენებელია.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ ასტრაზენეკას ვაქცინა ყველა ასაკობრივ ჯგუფში გამოყენებისთვის მიმდინარე წლის იანვარში დაამტკიცა.
იპნ

