გია ხუხაშვილი – “ღარიბაშვილი ოპოზიციისთვის დიდი საჩუქარია”

გია ხუხაშვილი - "ღარიბაშვილი ოპოზიციისთვის დიდი საჩუქარია"ექსპერტი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ მისთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა წავიდეს ბრიუსელში ვიზიტით პრემიერი ღარიბაშვილი:

– სახელმწიფო ვიზიტით როგორ უნდა წავიდეს ადამიანი, რომელზეც დაიდო წარმოუდგენელი სკანდალური ინფორმაცია, ამაზე ხდება წაყრუება ხელისუფლების მხრიდან, მიდის პრემიერი და რაღაც საკითხებზე ელაპარაკება.

– ევროპელების მხრიდან ამ კონკრეტულ საკითხზე არ იქნება საუბარი?

– ამას არა აქვს მნიშვნელობა. დამოკიდებულება იქნება შესაბამისი. ეს არის მძიმე, თორემ, საუბარი იქნება თუ არა, ამას არა აქვს მნიშვნელობა. ასეთ თემებზე იქ არ დაელაპარაკებიან. დამოკიდებულება მის მიმართ იქნება ძალიან მძიმე.

– ოპოზიციამ თქვა, რომ წესიერ ქვეყანაში პრემიერი უნდა გადადგეს და არ უნდა იყოს სპიკერი, მაგრამ არ ჩაშლიან მოლაპარაკებას. სწორია?

– რატომ უნდა ჩამოშორდეს? ოპოზიციისთვის ღარიბაშვილი არის საჩუქარი. თქვენ რა გგონიათ? ვისთან მოლაპარაკება უფრო კომფორტულია, ღარიბაშვილთან თუ ნებისმიერ სხვასთან? – რა თქმა უნდა, ღარიბაშვილთან. რაც უფრო დისკრედიტებული, არაადეკვატური და პარალიზებულია შენი მოწინააღმდეგე, მით უკეთესი არ არის შენთვის?! ღარიბაშვილთან ლაპარაკი ახლა არის ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც კი ხელისუფლებას გაუკეთებია ოპოზიციისთვის. აბა ტექნიკური გახარია ჯობდა, რომელსაც ვერაფერს უშვრებოდნენ?! დისკრედიტებულ ღარიბაშვილს რა სჯობია?

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა