გიორგი მიქაუტაძეს 2020/21 წლების სეზონი ნამდვილად კარგი გამოუვიდა. თავდამსხმელმა 18 გოლი გაიტანა, ფრანგულ “მეტცთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა, ასევე, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ეროვნული ნაკრებიდან მიწვევაც მიუვიდა.
მიქაუტაძე ეროვნულ ნაკრებთან ერთად მარტის თვეში 3 შეხვედრას, შვედეთის (25 მარტს), ესპანეთისა (28 მარტს) და საბერძნეთის წინააღმდეგ (31 მარტს) გამართავს.
– რა გრძნობა გქონდათ არჩევანის გაკეთებისას?
– მე საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს ვესაუბრე, რომელმაც მე ამირჩია
და მითხრა, რომ ჩემი თამაში მოსწონდა. სიმართლე რომ გითხრათ, არჩევის დროს გაკვირვებული საერთოდ არ ვყოფილვარ, უფრო ამაყი ვიყავი. ჩემი მშობლები პარიზში ცხოვრობენ, თუმცა მე ოჯახი საქართველოშიც მყავს.
– არ იყო რთული საფრანგეთსა და საქართველოს შორის არჩევანის გაკეთება?
– პირველ რიგში, რეალისტები უნდა ვიყოთ და გავიაზროთ დღევანდელი საფრანგეთის ნაკრების შეტევის ხაზი. ამასთან ერთად, მე ვილი სანიოლის ფეხბურთისადმი მიდგომა ძალიან მომწონს. საქართველოში 2011 წლის შემდეგ აღარ ვყოფილვარ, ჩემთვის კი ეს ქვეყანა ძალიან ბევრს ნიშნავს.
– მომდევნო კვირას მსოფლიო ფეხბურთის ნამდვილ ვარსკვლავებს შეხვდებით. რა გრძნობაა?
– ფაქტობრივად, დღემდე იბრაჰიმოვიჩის და სხვა ვარსკვლავების თამაშს ტელევიზორიდან ვუყურებდი, ახლა კი მათ წინააღმდეგ ვითამაშებ და უდიდეს გამოცდილებას მივიღებ. მე მოედანზე, როგორც მისი გულშემატკივარი, ისე არ ვიქნები, სტადიონზე ის ჩემი კონკურენტი გახლავთ. ჩვენ ყველაფერს გავიღებთ, რათა საქართველომ საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიაროს. ჩვენ ბევრი ახალგაზრდა ტალანტი გვყავს.
სპორტალი