ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კაპანაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ღარიბაშვილი არის კორუმპირებული ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებს.
– თურმე ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან. ღარიბაშვილის გაპრემიერებით კი დავინახეთ, რომ ის არსადაც არ წასულა. ის განსხეულდა ღარიბაშვილში, “ქართული ოცნების” სხვადასხვა წარმომადგენლებში.
თქვენ იცით, რომ რამდენიმე ასეული მილიონი წაიღო ღარიბაშვილის კლანმა, მაგრამ ამის გამო პასუხი არავინ მოსთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძრული, არც ღარიბაშვილს უგია პასუხი და არც მის გარემოცვას.
– ამ სკანდალებით წავიდა ღარიბაშვილი პირველ ჯერზე…
– რა თქმა უნდა. ეს იმდენად დიდი კორუფციული სკანდალი იყო, რომ ამას აღიარებდა თავად ღარიბაშვილი. მერე უკვე, როდესაც თავდაცვის მინისტრი გახდა, მაშინ თქვა, რომ თავის ნათესავებთან შეხებაც აღარ აქვს. ჩემმა ნათესავებმა რომ ფული მოიპარეს, მე არაფერ შუაში არ ვიყავიო. უკაცრავად, შეხება შეიძლება არ ჰქონდეს, მაგრამ ის ფული დაბრუნდა ბიუჯეტში?! ამის გამო აგო პასუხი ვინმემ?
ამ გაღარიბებულ ქვეყანაში, ბიუჯეტიდან ასეულობით მილიონს რომ იპარავენ, ამის გამო პასუხს არ სთხოვენ არავის, იმიტომ რომ თურმე ისინი ღარიბაშვილის ნათესავები არიან. ეს სამართლიანობაა?!
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა