ნიდერლანდური „დენ ბოსხისა“ და მერაბ ჟორდანიას ვაჟის, კახი ჟორდანიას დაპირისპირება სასამართლოში გაგრძელდა. პროცესი 9 მარტს დაიწყო.
2018 წლის ივლისის ბოლოს „დენ ბოსხმა“ კახი ჟორდანიასთან კლუბის გადაცემაზე შეთანხმებას მიაღწია და ქართველმა ბიზნესმენმა კლუბში ფული დააბანდა. მაგრამ ნიდერლანდების საფეხბურთო ასოციაციამ კახის გეგმებს ხაზი გადაუსვა. მიზეზად ფულის გათეთრების ეჭვი გახდა.
ამის გამო მან კლუბისგან, ჩადებული ინვესტიციების, ორი მილიონი ევროს დაბრუნება ან საფეხბურთო კლუბის გადაცემა მოითხოვა. მაგრამ სასამართლო პროცესზე „დენ ბოსხსაც“ სურს, რომ მისგან ასიათასობით ევრო მიიღოს.
„სამშაბათს, მხარეები ერთმანეთს სასამართლო განხილვაზე შეხვდნენ, საკითხის განხილვა ექვს საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ჟორდანიამ, სხვა საკითხებთან ერთად, თქვა, რომ მას „დენ ბოსხის“ ფინანსურ მენეჯმენტზე წვდომა არ ჰქონდა და მიუთითა შეთანხმებაზე, რომელიც, მისი აზრით, დადებული იყო კლუბთან – თუ გუნდის ჩაბარებაზე „მწვანე შუქს“ არ აუნთებდნენ, ის თანხას დაიბრუნებდა. ამასთან, გუნდის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ეს პრეტენზიები უსაფუძვლო იყო და რომ თითქოს, ყველა ხარჯის გაცემაზე გადაწყვეტილება ჟორდანიამ და მისმა გარემოცვამ პირადად მიიღეს.“
სასამართლომ მხარეებს მოსაფიქრებლად დრო მისცა.
მხარეებს შეთანხმების მისაღწევად ორი კვირა მიეცათ. თუ ეს ვერ მოხერხდება, სასამართლო მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში, განაჩენი გამოცხადდება 9 ივნისს. თუ ჟორდანია მართალი აღმოჩნდება, როგორც ჩანს, კლუბს არსებობის საფრთხე შეექმნება. რამდენიმე ინვესტორთან კლუბის გადაბარებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ისინი სასამართლო პროცესის დასრულებას ელოდებიან.
პირველი არხი