საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი აცხადებს, რომ ქვეყენაში კოვიდსიტუაცია არ უმჯობესდება და ინფიცირებულებისა და ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა მატულობს.
„მდგომარეობა არ უმჯობესდება, ინფიცირების უფრო მეტი და მეტი რაოდენობა გვაქვს და საავადმყოფოები პაციენტებით გადატვირთულია. მათი საშუალო ასაკი კი თანდათან მცირდება,“- განაცხადა საფრანგეთის პრემიერმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში მესამე „ლოქდაუნის“ დაწესების თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ.
„ლოქდაუნის თავიდან ასაცილებლად ყველა იარაღი უნდა გამოვიყენოთ. მოდით, ავიცრათ, დავიცვათ თავი, გავიაროთ ტესტირება ”- აღნიშნა კასტექსმა.
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღის განმავლობაში კორონავირუსის 26.343 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 140 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, საფრანგეთში ვაქცინაციის პროგრამის ტემპი იზრდება. ჯანდაცვის უწყების ცნობით, ქვეყანაში ვაქცინის პირველი დოზა 5.128.872 ადამიანს, ანუ მოსახლეობის 7.7%-ს გაუკეთდა, ორივე დოზა კი უკვე 2.239.389 მოქალაქემ მიიღო.
იპნ

