გორის მერიის ,,კულტურის ცენტრის” ყოფილი დირექტორი ლექსო ვალიაური ადგილობრივი ბიუჯეტიდან, კომპენსაციის სახით, 48.000 ლარს მიიღებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 23 მარტს მიიღო.
უზენაესმა სასამართლომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ლექსო ვალიაური 2015 წლის 18 ნოემბრიდან ითხოვს სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ, გორის მერის ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას იმავე თანამდებობაზე და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურებას.
2019 წლის 13 თებერვალს, სააპელაციო სასამართლომ, 3 მოთხოვნიდან, მხოლოდ ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა.
,,მოსარჩელეს უნდა მიეცეს კომპენსაცია 12 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, რაც განსახილველ შემთხვევაში 12.000 ლარს შეადგენს.” – აღნიშნულია 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებაში.
2021 წლის 23 მარტს კი კომპენსაცია გადამრავლდა დანარჩენ თვეებზე და გაიზარდა 48.000 ლარამდე.
2015 წელს ლექსო ვალიაურს, კომპენსაციის სახით, მხოლოდ 2.000 ლარი უნდა მიეღო, რადგან მისი ხელფასი 1.000 ლარს შეადგენდა, ხოლო სამსახურიდან გაუფრთხილებლად და კომპენსაციის გარეშე გაათავისუფლეს.
გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ლექსო ვალიაურს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებდა. ამის დასამტკიცებლად ზურაბ ჯირკველიშვილს შიდა აუდიტის დასკვნა მოჰყავდა.
შიდა აუდიტმა დაადგინა, რომ კულტურის ცენტრის დირექტორმა ლექსო ვალიაურმა და კიდევ რამდენიმე თანამშრომელმა, პორტუგალიაში ანსამბლ ,,შავლეგოს”” წევრებთან ერთად, საბიუჯეტო თანხებით იმოგზაურეს. ვითარება გაართულა იმ გარემოებამ, რომ საცეკვაო ანსამბლი იყო კერძო და ის მერიას არ ეკუთვნოდა.
იმისათვის, რომ ანსამბლი და კულტურის ცენტრის წარმომადგენლები პორტუგალიაში გამგზავრებულიყვნენ, ვიზა ჭირდებოდათ. ვიზის ასაღებად კი, გორის მერის შუამდგომლობა იყო საჭირო.
,,ლექსო ვალიაურმა მე მომატყუა, როცა შემომიტანა დოკუმენტი ხელმოსაწერად. მე არ ვიცოდი, რომ ანსამბლი იყო კერძო საკუთრება. მან დოკუმენტზე ხელი მოტყუებით მომაწერინა,”” – ამბობდა ზურაბ ჯირკველიშვილი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ლექსო ვალიაურმა სამივლინებო ხარჯები გამოყო იმ ნებართვის შესაბამისად, რაც მას გორის მერმა მიანიჭა. სწორედ გორის მერის ხელმოწერილი დოკუმენტი უმყარებდა ზურგს ლექსო ვალიაურს. გორის მერმა კი ვერ დაამტკიცა, რომ ის შეცდომაში ვალიაურმა შეიყვანა და დოკუმენტზე ხელი მოტყუებით მოაწერინა.
ქართლი