საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ საერთაშორისო დონეზე, საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა.
„საერთაშორისო დონეზე, ოფიციალური შეფასებით, საქართველოში არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად. მათი შეფასებით, ყველა ძირითადი პრინციპი და თავისუფლება დაცული იყო. არჩევნებს ჰქონდა ხარვეზები, თუმცა არცერთი შენიშვნა, რომელიც ოდნავაც ჩრდილს მიაყენებდა არჩევნების შედეგს, ან არჩევნების ლეგიტიმურობას, არ დაფიქსირებულა.
ამავდროულად, ყველა ოფიციალური მიმართვა, იქნება ეს ევროკავშირის, თუ ამერიკის შეერთებული შტატების, ცალსახად მოუწოდებს ოპოზიციას, რომ შებრძანდით პარლამენტში და იმუშავეთ იმ თემებზე, რა თემებიც მნიშვნელოვანია ქვეყნისა და 2024 წლის დღის წესრიგისთვის. ამავდროულად, იქვე პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ის ქმედება, რასაც ოპოზიცია ეწევა, არის ძირის გამოთხრა დემოკრატიის. ჩვენ თავიდანვე ვნახეთ, როდესაც არჩევნები დასრულდა, არ დაელოდნენ რეალურად არანაირ გადამოწმებას და გამოაცხადეს, რომ არჩევნები გაყალბდა.
ჩვენ გვეუბნებიან ერთ რამეს, იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, არჩევნები გაყალბდა თუ არა და ამომრჩევლის ნება როგორია, მთავარია ეს 4-5 მარგინალი როგორ გაფშეკს ფეხებს და როგორ დაატერორებს ქვეყანას, ეს არის მთავარი და აქედან გამომდინარე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებაო“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

