“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი გედი ფოფხაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” არაფრის დათმობა არ აწყობს, რადგან მისთვის მთავარი ძალაუფლების შენარჩუნებაა.
– პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ვადამდელი არჩევნები ხელისუფლების დაკარგვაა. “ქართული ოცნება” დათმობაზე ვერ მიდის და თუ წავა, იცის, ხელისუფლებას დაკარგავს. ამიტომ, შეთანხმებას არ ველოდები.
კობახიძე, თალაკვაძე ხომ არ არიან უფლებამოსილნი, გადაწყვეტილებები მიიღონ. ეს იძულებითი მოლაპარაკებებია. მხოლოდ იმიტომ, რომ დასავლეთი არ გადაირიოს. მთავარი გადაწყვეტილების მიმღები, ცხადია, ბიძინა ივანიშვილია. ამიტომ, ამ მოცემულობაში ეს მოლაპარაკებები ფიქტიურ ხასიათს იღებს. ოპოზიცია კი მონაწილეობს იმიტომ, რომ სხვა გზა არ დარჩენია.
– ამ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი რა შეიძლება იყოს?
– ამ რეალობაში მხოლოდ ერთადერთი სცენარია: ხელისუფლების კიდევ მეტი აგრესია, რასაც მოჰყვება საზოგადოებაში სამოქალაქო დაპირისპირების და პროცესების კიდევ უფრო მეტი გამწვავება.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა