“ქართულ ოცნებაში” სრული ქაოსია” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ქართულ ოცნებაში" სრული ქაოსია" - თამარ ჩერგოლეიშვილი„ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი “ახალ თაობასთან” ტვ პირველში პროკურატურის შესაძლო შესვლაზე საუბრობს:

– ივანიშვილის მხრიდან წარმოუდგენელი ქმედებაა თავისუფალ მედიაში შესვლა საკუთარი ოჯახის დაცვის მიზნით.

– წავლენ ამაზე, რომ სასამართლოს განჩინება აღასრულონ?

– არ ვიცი. ისეთ კითხვას მისვამთ, მელიაზე რომ მისვამდნენ, წავიდოდნენ თუ არა მის დაჭერაზე სპეცრაზმის გზით. რაციონალურად არც მაშინ უნდა წასულიყვნენ ამაზე და არც ახლა უნდა წავიდნენ, იმიტომ, რომ მელიასთან დაკავშირებულმა გადაწყვეტილებამ პრობლემების მეტი არაფერი მოუტანა. ზუსტად იგივეა ახლაც, რაციონალურად არ უნდა გააკეთონ ეს, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვაქვს საქმე ადამიანებთან, რომლებიც რაციონალურად მოქმედებენ თუნდაც თავიანთი მიზნებისთვის.

– სოზარ სუბარი ამბობდა, ჩვენ წარსულში დავტოვეთ ასეთი ქმედებები, არ ვაპირებთ თავისუფალ მედიაზე გალაშქრებასო და ა.შ. ეს იმაზე ხომ არ მიანიშნებს, რომ უკან დაიხიეს?

– ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლებაში ქაოსია. ქაოსია იმასთან დაკავშირებით, რომ, როგორც ჩანს, პროკურატურამ და პირადად შოთაძემ მიიღო რაღაცა ტიპის ბრძანება, რათა ემოქმედა, რომ გაერკვია, ვინ ამხილა ბიძინა ივანიშვილის ოჯახი. ავტომატურად ჩაერთო მოქმედებაში. ჩვეულებრივი ქაოსია და, შესაძლოა, სოზარ სუბართან შეთანხმებული არც იყო. სოზარ სუბარი რას ამბობს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება შემოტრიალდეს, ანუ არაფერი ვიცით.

ივანიშვილის პირობებში ყველაფერი 50/50-ზეა. არაფერს ნიშნავს ის, თუ რას ამბობს სოზარ სუბარი. ივანიშვილის მარიონეტები რას ამბობენ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმის განსასაზღვრად, რა მოხდება რეალურად.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა