რუსული ტელეგრამ-არხის, „ბაზას“ საშუალებით გაირკვა, რომ რუსეთის ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს არაავთენტურ, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შექმნილ პროფილებს უპირისპირებს. „ბაზამ“ აღმოაჩინა, რომ 23 იანვრის ნავალნის მხარდამჭერი მასშტაბური საპროტესტო აქციის დაწყებამდე, ინსტაგრამზე მოსკოვის წითელი მოედნის აღმნიშვნელი ე.წ. „თეგი“ საეჭვო წარმომავლობის პროფილებმა იმდენჯერ გამოიყენეს, რომ მისი ძებნისას აქციის შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლებელი გახდა.
უფრო მარტივად რომ ავხსნათ: ინსტაგრამს ლოკაციის აღმნიშვნელი ფუნქცია აქვს, შეგვიძლია დავდოთ ფოტო და მივუთითოთ თუ სად არის გადაღებული. შემდეგ, როდესაც სხვა მომხმარებელი ინსტაგრამ ძებნის საშუალებით იმავე ადგილს მონახავს, მას ჩვენ ფოტოს უჩვენებს. ვინაიდან რუსეთის ხელისუფლებაში იფიქრეს, რომ წითელი მოედანი საპროტესტო აქციის მთავარი ლოკაცია იქნებოდა, ათასობით ყალბი პროფილი გააქტიურეს. ისინი, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შექმნილ ფოტოებზე, მდებარეობად წითელ მოედანს უთითებდნენ. ამით კი, იმ ადამიანებს, ვისაც საპროტესტო აქციის შესახებ ინფორმაციის მიღება ლოკაციით სურდათ, თავგზას უბნევდნენ. წარმოიდგინეთ, რომ გაინტერესებთ სად იმართება აქცია. მაგალითად, შედიხართ ინსტაგრამზე, ეძებთ წითელ მოედანს იმის გასაგებად, ვინმემ ფოტო ხომ არ მონიშნა და საპროტესტო გამოსვლის შესახებ ინფორმაციაც ხომ არ დაურთო. გხვდებათ ერთი შეხედვით უწყინარი ადამიანების არაფრისმთქმელი სურათები. ფიქრობთ, რომ წითელ მოედანზე არაფერი ხდება. ან საერთოდ არ მიდიხართ, ან სხვაგან მიდიხართ. სწორედ ეს იყო კრემლის ჩანაფიქრიც- რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების მოტყუება და სხვა მიმართულებით გაშვება. ხელოვნური ინტელექტის ასეთი მიზნებისთვის გამოყენება რუსეთის სპეცსამსახურების ახალი გასართობია. საქმე იმაშია, რომ ასე ბევრად მარტივია ათასობით „ფეიკ“ ადამიანის, მეტიც, ადამიანთა არმიის რამდენიმე წუთში შექმნა. „ბაზამ“ დაადგინა, რომ ყველა ის ვირტუალური პერსონა, რომელიც ნავალნის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას წითელ მოედანს დივერსიას უწყობდა, 15-17 იანვრის პერიოდში სახელდახელოდ შეიქმნა.
ყველა პროფილს მხოლოდ რამდენიმე მიმდევარი, თითზე ჩამოსათვლელი პოსტების რაოდენობა და მინიმალური აქტივობა ჰქონდა. ხელოვნურად შექმნილი პროფილებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გარდა, რუსეთის ხელისუფლებამ შტურმი ნავალნის გუნდის წევრების სოციალური მედიის ექაუნთებზეც მიიტანა. კირა იარმიში, ლიუბოვ სობოლი და გეორგი ალბუროვი მათ პროფილებზე „ბოტების“ საეჭვო აქტიურობაზე საუბრობენ. ყალბი პროფილები მათ პოსტებზე შეთანხმებულ მესიჯებს ავრცელებდნენ, რითიც ადამიანების დაბნევას და შეცდომაში შეყვანას ცდილობდნენ. საინტერესოა, რომ 2017 წელს, პუტინმა რუსეთის მოსახლეობას ხელოვნური ინტელექტის სფეროში ქვეყნის ლიდერად დამკვიდრების გეგმა საზეიმოდ გააცნო და დასძინა: „ვინც ხელოვნურ ინტელექტს მართავს, ის მსოფლიოს მართავს.“
პრეზიდენტმა რუსებს ისტორიის გაკვეთილიც ჩაუტარა და უთხრა, რომ ტექნოლოგიური განვითარების ხანაში ბევრ ქვეყანას უბრალოდ ეძინა, რითიც მნიშვნელოვანი შანსი ხელიდან გაუშვა. პუტინს რატომღაც დაავიწყდა საკუთარი მოქალაქეებისთვის მოეყოლა, რომ ჩამოშლილი ეკონომიკის, არასწორი პოლიტიკის, შეზღუდული ფინანსების, დემოგრაფიული პრობლემების და „ტვინების გადინების“ ფონზე, რუსეთი სწორედ ის ქვეყანა იქნება, რომელსაც „შანსის“ ხელიდან გაშვება მოუწევს. მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ცდილობს ხალხს დააჯეროს თითქოს ოფიციალური მოსკოვი ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოწინავე ქვეყნებს ეწევა და ეჯიბრება, ქვეყანა სინამდვილეში ტექნოლოგიური განვითარების კუთხით სხვა სახელმწიფოებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
რუსეთს ამ მიმართულებით პოტენციალი არ აქვს, სამაგიეროდ პუტინს შეუძლია გადასახადების გადამხდელების ფულით, ხელოვნური ინტელექტი ისეთი ბანალური მიზნისთვის გამოიყენოს, როგორიც ათასობით ყალბი ადამიანის პროფილის შექმნაა. პრეზიდენტი ხალხს ქვეყნის ხელოვნური ინტელექტის სფეროში ლიდერობას ჰპირდება, სინამდვილეში კი, ტექნოლოგიების საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენების გარდა, არაფერი შეუძლია. რაც მთავარია, მათივე ფულით.
რუსეთის ამბიციებსა და შესაძლებლობებს შორის უზარმაზარი ნაპრალია, ამიტომაც კრემლი იძულებულია ლიმიტირებული რესურსები სპეციფიური სფეროებისთვის გამოიყენოს. ერთადერთი სიმართლე რომელსაც პუტინი რუსებს ეუბნება ეს არის: „ხელოვნური ინტელექტის განვითარება თითოეული ადამიანის, ოჯახის, ეკონომიკის სექტორის, სოციალური სფეროს, ორგანიზაციისა და მთელი სამთავრობო სისტემის ფუნქციონირებაზე იქონიებს გავლენას.“ მართლაც, პრეზიდენტის სამსახურში მყოფი რუსული სპეცსამსახურები მათ ხელში მოხვედრილ მწირ რესურსებს, პრიორიტეტების მიხედვით გამოიყენებენ. პუტინისთვის კი, ხალხის უკეთესად გაკონტროლებასა და ტერორზე მნიშვნელოვანი არაფერია.
ლევან ცაავა

