“გახარიას დაბრუნება ჩვენი გუნდისთვის დამაზიანებელი არ არის. რატომ არის ეს მისთვის კარგი, ამაზე მე, როგორც პოლიტიკაში მყოფ ერთ ადამიანს, კითხვის ნიშანი მაქვს. ეს კითხვა ვერ დავუსვი, რადგან არ მოგვეცა ამის შესაძლებლობა. რატომ არის ეს მისთვის კარგი, მე არ მესმის, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
კულტურის მინისტრი ამბობს, რომ გიორგი გახარია პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის შემთხვევაში, ხელისუფლებას ნამდვილ ოპოზიციონერობას გაუწევს.
„იმედია, მან იცის, რას აკეთებს. მაღალპროფესიონალი ადამიანია და თუ ის გამოვა პოლიტიკურ სცენაზე, ის იქნება ჩვენი რეალური ოპოზიცია. სხვა ოპოზიციებისგან განსხვავებით, გარკვეული ბენეფიტიც ექნება – გუნდს იცნობს ძალიან კარგად. სხვებზე რომ არ ვილაპარაკო, მე მისი ხელმძღვანელობის დროს ვიყავი ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი და მან კარგად იცის, სად არის ჩემი სიძლიერე და სად არის ჩემი სისუსტე, მაგრამ მეც ვიცი, სად არის მისი სიძლიერე და სად სისუსტე. პირადად ჩემთვის, ეს იქნება საინტერესო ოპონირების პროცესი, რამდენად დამთავრდება ეს მისი გამარჯვებით, ამაში ძალიან დიდი ეჭვი მეპარება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისთვის გახარიას წასვლა იყო ძალიან დასანანი და ძალიან გასაკვირი.
“მე პირადადაც ვუთხარი მას, ეს რა ქენით ბატონო გიორგი, ეს არ ვარგა-თქო. ძალიან თავისუფლად გამოვხატე ჩემი აღშფოთება და მან იცის, რომ იერარქიულ ურთიერთობებში მე ყველა წესს ვიცავ და აღელვება არ მჩვევია ხოლმე, მაგრამ იმ შემთხვევაში მე მართლა ვერ შევიკავე თავი, იმდენად აღმაშფოთებელი იყო. თან მე მაშინ ავად გახლდით და ეს ყველაფერი ტელევიზორში მოვისმინე და მას მე ეს გავუზიარე. დღესაც ვამბობ, რომ მისი წასვლა იყო ჩემთვის მიუღებელი. წასვლა ამ ფორმით, იმ დროს, იყო გუნდისთვის დამაზიანებელი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იმედინიუსი

