“თუ ხაზარაძე ილაპარაკებს მელიასავით, ხაზარაძეს არავინ აირჩევს, აირჩევენ მელიას” – დავით ზურაბიშვილი

"თუ ხაზარაძე ილაპარაკებს მელიასავით, ხაზარაძეს არავინ აირჩევს, აირჩევენ მელიას" - დავით ზურაბიშვილიამალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პარლამენტის ბოიკოტს არასდროს ემხრობოდა, მაგრამ, რადგან ის  შემდგარი ფაქტია, უკეთესი შედეგის მისაღწევად უნდა იქნას გამოყენებული.

– 2008 წლის ბოიკოტთან ხომ არ გიჩნდებათ პარალელები?

– მე ეს პარალელები პირველივე დღეს მქონდა. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არსებითად არასწორია. ეს სწორი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შეგიძლია მასობრივი გამოსვლებით ჩამოშალო ხელისუფლება, დედა უტირო და მერე ჩაატარო ხელახალი არჩევნები, როდესაც ხელისუფლება იქნება განადგურებული. მაგრამ 2021 წელს ეს შეუძლებელია. ეს საუკუნის დასაწყისში შესაძლებელი იყო, მაგრამ 2002-03 წლების მეთოდებით მოქმედება 2021 წელს შედეგს ვერ მოიტანს და საქმეს მხოლოდ გააფუჭებს.

ახლა კი, რიგგარეშე არჩევნებში, ნაცმოძრაობის გარდა, ყველა პარტია მიიღებს უფრო ნაკლებ ხმას, ვიდრე მანამდე მიიღო.

– რატომ?

– პოლარიზაცია როცაა, მაშინ ასეთი სურათი ლოგიკურია.

– ნაცმოძრაობამ შთანთქა მთელი ოპოზიცია?

– შთანთქავს, რა თქმა უნდა. ახლა ჯერ არ მომხდარა, მაგრამ შთანთქავს. თუ ყველა პარტიის დღის წესრიგი იმეორებს ყველაზე მაღალრეიტინგიანი გუნდის მესიჯებსა და რიტორიკას, ასე იქნება. თუ შენ ხარ ასლი ნაცმოძრაობის შენი რიტორიკით, ყოველთვის ორიგინალს უფრო აირჩევენ. თუ მამუკა ხაზარაძე ილაპარაკებს ნიკა მელიასავით, ხაზარაძეს არავინ აირჩევს, აირჩევენ მელიას ან იმავე სააკაშვილს და ვინც არიან ნაცმოძრაობაში.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა