ზუგდიდის ვიცე-მერი გიგა ფარულავა გადადგა

ზუგდიდის ვიცე-მერი გიგა ფარულავა გადადგაზუგდიდის ვიცე-მერმა გიგა ფარულავამ თანამდებობა დატოვა. როგორც “მთავარი არხისთვის” ხდება ცნობილი, ფარულავა მოლაპარაკებებს აწარმოებს საკრებულოს წევრებთანაც “ქართული ოცნებიდან”.

“მადლობას ვუხდი თითოეულ საჯარო მოხელეს, რომელნიც კეთილსინდისიერად და დაუღალავად ემსახურებიან ჩვენი ქალაქის კეთილდღეობას და განვითარებას. მადლობა თქვენ მეგობრებო, კოლეგებო, სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად წლების მანძილზე მუშაობა.

მადლობა თითოეულს, ვინც ჩართული იყო და არის ჩვენი ქალაქის და ქვეყნის უკეთესი მომავლის მშენებლობაში. მადლობა თითოეულ მოქალაქეს, რომელიც გაგებით მოეკიდა არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს.

მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო დაკავებული თანამდებობა! მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გეგას და ვუსურვო წარმატებები!”, – დაწერა გიგა ფარულავამ ფეისბუქში.

ზუგდიდის მერიაში გიგა ფარულავას გადადგომას გამოეხმაურნენ.

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ისეთი კომპეტენტური და საიმედო კადრის წასვლა, როგორიც გიგა ფარულავაა, დიდი დანაკლისია. ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას და წარმატებებს ვუსურვებთ”, – უთხრეს ლაივპრესს მერიაში.

გიგა ფარულავა თანამდებობაზე 2019 წლის ივლისში დაინიშნა.