ბითაძის 19 წუთი – 6 პასი, 3 დაფარება, 4 ქულა

ბითაძის 19 წუთი - 6 პასი, 3 დაფარება, 4 ქულადომანტას საბონისის გარეშე დარჩენილმა „ინდიანა პეისერსმა“ მორიგ შეხვედრაში „ჩიკაგოს“ უმასპინძლა და მიმდინარე რეგულარულ სეზონში 27-ჯერ დამარცხდა 97:113.

გოგა ბითაძეს ლიეტუველი კალათბურთელის არყოფნაში ამჯერადაც შედარებით უფრო მეტი დრო მიეცა თავის გამოსაჩენად. მან 18 წუთი და 39 წამი ითამაშა. გოგამ ამ დროში ცოტ-ცოტა ყველაფერი მოასწრო, მის ანგარიშზე 4 ქულა, 3 მოხსნა (2 შეტევაში, 1 დაცვაში), 6 პასი, 3 დაფარება და 1 ჩაჭრაა. მან სამიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, პერიმეტრიდან კი სამჯერ ისროლა და სამივეჯერ უშედეგოდ. ბითაძემ მხოლოდ ერთხელ დაკარგა ბურთი და მეტოქის წინააღმდეგ ორჯერ დაჯარიმდა.

აღსანიშნავია ქართველი კალათბურთელის ასისტების რაოდენობა, რადგან ეს მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში.

შეხვედრა „ჩიკაგოს“ უპირატესობით დაიწყო. პირველ ტაიმში ბილი დონოვანის გუნდი მეტოქეს 13 ქულით გაექცა და საბოლოო ჯამში, „ინდიანას“ შეხვედრის შემოტრიალების საშუალება არ მისცა.

ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა ნიკოლა ვუჩევიჩს, რომელმაც 32 ქულასთან ერთად 17 მოხსნა დააგროვა. ზაკ ლავინმა 19 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი დააგროვა. „პეისერსიდან“ 20 ქულით საუკეთესო კარის ლევერტი იყო.

პირველი არხი