“ბოკერიას ხელში “ევროპული საქართველო” კიდევ უფრო დასუსტდება”

"ბოკერიას ხელში "ევროპული საქართველო" კიდევ უფრო დასუსტდება"კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “ახალ თაობასთან” “ევროპულ საქართველოში” მიმდინარე პროცესებზე საუბრობს:

– პარტიიდან ცნობილი ადამიანების დიდი ნაწილი წავიდა და მათ შორის ბევრი არ აპირებს პოლიტიკური საქმიანობით დაკავებას. ეს ძალიან ცუდის ნიშანია ჩემთვის.

წამოსულებიდან ვინც გამოვიდა და გააკეთა განცხადება, აშკარად მინიშნება იყო ერთ ადამიანზე, გიგა ბოკერიაზე. ბოკერია ყოველთვის ცნობილი იყო თავისი კატეგორიულობით, რადიკალურობით, ავტორიტარული გადაწყვეტილებებით.

– დიქტატორია საკუთარ პარტიაში?

– სიტყვა დიქტატორი, შესაძლოა, ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იყოს, მაგრამ ავტორიტარული მმართველობის სტილი აქვს, კატეგორიულია, ზედმეტად ჯიუტია. ეს პარტია ალბათ ძალიან რადიკალური გახდება. 4%-მდე იყო ამ პარტიის წარმატება და ეს პროცენტები გაიზრდება ბოკერიას ხელში? ჩემი აზრით, პირიქით, ქვევით ჩავა.

– ბოკერია წამგებიანი ფიგურააო და მან ერთი პერიოდი ჩრდილში გადაინაცვლა, ახლა ისევ წინა პლანზე წამოვიდა. ეს არ დააზარალებს პარტიას?

– სრულიად გეთანხმებით. ბოკერიას ეტყობა, აიძულებდნენ ჩრდილში ყოფილიყო, თუმცა პარტიამ წარმატებას მაინც ვერ მიაღწია, ამიტომაც მან შეცვალა მიდგომა. გვერდზე გაწია პარტიის ლიდერები და მათი ლიბერალური პოლიტიკა და თავისი რადიკალიზმით წამოვიდა წინა პლანზე. მიაღწევს კი ამ რადიკალიზმით ბოკერია წარმატებას? მე ეჭვი მეპარება. ამიტომ ევროპული საქართველო უფრო და უფრო უკან დაიხევს.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა