დღეს 1–ელ აპრილს ვალეში მდებარე ერთ–ერთ საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის აალების შედეგად 50 წლამდე ქალმა სახისა და კიდურების არეში დამწვრობა მიიღო.
დაშავებული თბილისშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა.
„პაციენტი რამდენიმე საათის წინ სავარაუდოდ გაზის აალების შედეგად მიღებული დამწვრობით შემოიყვანეს. დამწვარი აქვს სხეულის 20%, ამას ემატება სასუნთქი გზების თერმულ-ინჰალაციური დაზიანება და დამწვრობითი შოკი. მდგომარეობა არის მძიმე, თუმცა სტაბილური, პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში“, – განაცხადა თბილისის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.
დაშავებულის შვილის განცხადებით, შემთხვევა დღეს, პირველ აპრილს დილით მოხდა.
“დედაჩემმა ასანთი გაკრა და ამ დროს მოხდა აალება, გაზის სუნი რომ ეგრძნო, ამას არ გააკეთებდა. სახე და ხელები აქვს დამწვარი, უცებ მოხდა აალება და გაჩერდა, სხვა არაფერია დამწვარი. ექსპერტიზას ველოდებით”, – ამბობს დაშავებულის შვილი.
როგორც, „სოკარ“ გაზში აცხადებენ, ოთახში აალება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. შემთხვევა დღეს, პირველ აპრილს დილით მოხდა.
„აფეთქებას ადგილი არ ჰქონია, დილით ქალბატონმა გაზი აანთო და დაგროვილი აირი აალდა“,- გვითხრეს „სოკარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო – ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სამხრეთის კარიბჭე

