კახა კუკავა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გიორგი გახარიას ყველა წინაპირობა აქვს იმისთვის, რომ ახალი პოპულარული და ლეგიტიმური ლიდერი გახდეს.
– თქვენ არ თვლით, რომ გახარია ბიძინას პროექტია?
– ეს შეკითხვა არის ლეგიტიმური და ეგ არის ერთადერთი საინტერესო კითხვა გახარიასთან მიმართებით.
– ბოლო დროს “ოცნებამ” დაიწყო ამაზე მუშაობა, რომ გახარია კონსტრუქციული ოპოზიცია იქნება. რას ნიშნავს ეს განცხადებები?
– ეს მეც შევამჩნიე. ზოგიერთი ბრიყვი და ეჭვიანი პოლიტიკოსი როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან ამბობს, რომ გახარია მარიონეტია. რა, “ოცნება” სპეციალურად ახდენს თავისი მარიონეტის ლუსტრაციას? ეს ხომ სისულელეა. მე კი მრჩება ასეთი შთაბეჭდილება, რომ “ოცნება” მიზანმიმართულად ცდილობს, მას მიაკეროს მარიონეტის იარლიყი.
დღეს გახარიას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ თავისი იმიჯის ფორმირება მოახდინოს. ერთადერთი, რაც სჭირდება, არის ივანიშვილისგან მკაფიო გამიჯვნა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, გახარიას გამარჯვება ნიშნავს თუ არა ივანიშვილის დამარცხებას.
თუ ამ კითხვაზე იქნება მკაფიო პასუხი გაცემული, ჩვენ გვეცოდინება საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის სახელი.
– შესაძლოა ვიხილოთ გახარია-კალაძის ტანდემი?
– გახარია თუ გახდა ახალი ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი, მაშინ ძალიან ბევრი კალაძე დადგება მის გვერდით.
– ანუ არის იმის შანსი, რომ ის იქცეს მესამე ძალად?
– ჯერ კაცი სახლიდან არ გამოსულა და მისი რეიტინგი ბევრად მეტია, ვიდრე სააკაშვილისა და ივანიშვილის, ერთად აღებულის. როგორც ვიცი, ის აპრილის დასაწყისში აპირებს განცხადების გაკეთებას და პირველი განცხადება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა