კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერი გიგა ბუკია “ახალ თაობას” გიორგი გახარიას პოლიტიკურ მომავალზე ესაუბრა.
– „ქართული ოცნების“ მომხრეებში გაჩნდა ასეთი ინიციატივა – გახარიას გუნდელმა მაჟორიტარებმა დატოვონ მანდატები, ადგილობრივი არჩევნების დროს გაიმართოს შუალედური არჩევნები მათ ოლქებში და შემდეგ გამოჩნდება, იყო თუ არა გადამწყვეტი გახარიას პერსონალური რეიტინგი 2020 წლის არჩევნებში.
– ეს ინიციატივა ძალიან უცნაურად მეჩვენება. ასე, პარლამენტში შესული დეპუტატების 80%-ს მოსახლეობა საერთოდ არ იცნობს. ისინი პარლამენტში მოხვდნენ იმის წყალობით, რომ ხალხი მხარს უჭერდა ბიძინა ივანიშვილს. მაგ ლოგიკით, ყველამ უნდა დათმოს მანდატი!
– ითვლება, რომ გახარიას მომავალი ძალა წაიღებს იმ ამომრჩევლის ხმებს, რომლებიც ენდობიან ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ მათ თვალში არ მოსდით ღარიბაშვილი და კობახიძე.
– ზოგადად, გახარია შეამცირებს „ქართული ოცნების“ ხმებს. როგორი წარმატება ექნება, რამდენი მოქალაქე დაუდგება გვერდით და რას გააკეთებს, ჯერ არ ვიცი. მისი განაცხადი ჯერ არ მოგვისმენია. ისე, პოლიტიკაში შანსი აქვს.
– „ოცნების“ ერთ-ერთი წარმომადგენელი, დიმიტრი სამხარაძე ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 20 ივნისის შემდეგ გახარია დაბანა და დავარცხნა.
– ამის თქმა პოლიტიკოსის გამოცდილებასა და მაღალ ინტელექტზე არ მეტყველებს. რას ჰქვია, „ოცნებამ“ დაბანა და დავარცხნა? საარჩევნო სიაში რომ პირველი იყო და შემდეგ პრემიერად დაამტკიცეს, მაშინ მისაღები იყო და ახლა მიუღებელი გახდა?!
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა