კალაძე დუბაიში ოჯახთან ერთად 1 კვირა ისვენებდა – ეს მას 36.427 ლარი დაუჯდა

კალაძე დუბაიში ოჯახთან ერთად 1 კვირა ისვენებდა - ეს მას 36.427 ლარი დაუჯდაშაბათის ფორმულას ინფორმაციით, თბილისის მერი კახა კალაძე დუბაიში, ფეშენებელურ სასტუმროში, 1 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დედაქალაქის მერი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ისვენებდა.

სასტუმროს ჯავშნის მიხედვით, რომელიც შაბათის ფორმულამ მოიპოვა, დუბაიში ერთკვირიან ტურში კახა კალაძე მეუღლესთან და შვილებთან ერთად წავიდა. მასთან ერთად იყვნენ – წინა მოწვევის პარლამენტის და კალაძის გუნდის წევრი ივლიანე წულაია ოჯახთან ერთად და დეპუტატი ლევან კობიაშვილი ოჯახთან ერთად.

კალაძე-კობიაშვილი-წულაიას დუბაიში დასვენება მკაცრად გასაიდუმლოებულია. შაბათის ფორმულას მიერ მოპოვებულ დოკუმენტში ჩანს, რომ თითოეული მათგანის ერთკვირიანი ვოიაჟის ღირებულება ოჯახთან ერთად, სასტუმრო One & Only-ის ლუქსის ტიპის ნომერში, 39.067 დირჰამია, რაც ქართულ ვალუტაში 36.427 ლარია.

დედაქალაქის მერიაში შაბათის ფორმულას უთხრეს, რომ კახა კალაძე შვებულებაში არ იმყოფება და ის მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. წასვლის შესახებ კალაძემ თავად, ერთი კვირის წინ ვიდეომიმართვაში განაცხადა, თუმცა სად იმყოფებოდა არ უთქვამს.