“კალაძეს ივანიშვილმა დიდი შეურაცხყოფა მიაყენა”

"კალაძეს ივანიშვილმა დიდი შეურაცხყოფა მიაყენა"კახა კუკავა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ კობახიძე-ღარიბაშვილის დაპირისპირება “ოცნებაშიც”  დაადასტურეს. ასევე დადასტურებულია კალაძის წასვლა “ოცნებიდან”.

– კახა კალაძე საერთოდ გაემიჯნება პოლიტიკას თუ დამოუკიდებელ თამაშს წამოიწყებს? ასევე არის მოსაზრება, რომ შესაძლოა, გახარიასთან ერთადაც ვიხილოთ.

– ნამდვილად ვერ გეტყვით. მე, უბრალოდ, გამიხარდება, თუ ის დროულად გაემიჯნება. რაც მეტი ახალი ძალა გამოჩნდება, მით მეტი ბალანსი იქნება ქართულ პოლიტიკაში.

– “ოცნების” წიაღიდან ივანიშვილი ახალ ოპოზიციურ ძალას ხომ არ ქმნის? ამბობენ, რომ ბერა ივანიშვილთან ძალიან არის დაახლოებული კახა კალაძე. დაეჯახება ივანიშვილს კალაძე?

– თავს ნამდვილად ვერ დავდებ კალაძის გეგმებზე, მაგრამ ნათელმირონობა მანდ გადამწყვეტ როლს ვერ ითამაშებს. მოქალაქეთა კავშირი და ნაციონალური მოძრაობა სულ ერთმანეთის ნათელ-მირონები იყვნენ, მაგრამ კი გაწყვიტეს ერთმანეთი.

კალაძეს ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა ივანიშვილმა, როდესაც პარტიის თავმჯდომარედ კობახიძე დანიშნა და პრემიერად – ღარიბაშვილი. კალაძე დიდი რისკის ფასად გვერდში დაუდგა ივანიშვილს. პარტიის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი იყო, გამოკვეთილი მეორე კაცი “ქართულ ოცნებაში”! ის იყო ერთადერთი, ვინც თავისი ფულით დაუდგა ივანიშვილს გვერდით 2011-ში. ამ დროს კი პარტიის თავმჯდომარედ დანიშნეს ვიღაც ბავშვი, რომელიც თავად კალაძემ მოიყვანა პარტიაში, როგორც ახალგაზრდა აქტივისტი.

– ნაწყენია კალაძე?

– მე ასე მგონია. გააქტიურდებიან გახარიაც, კალაძეც. გახარიამ დროულად უნდა გამოკვეთოს თავისი პოზიცია, თუ უნდა, რომ ელექტორატი არ დაკარგოს.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა