ხატია დეკანოიძე – „ოპოზიციაში ერთმანეთის მიმართ თავშეკავებულები უნდა ვიყოთ”

ხატია დეკანოიძე - „ოპოზიციაში ერთმანეთის მიმართ თავშეკავებულები უნდა ვიყოთ"ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სალომე სამადაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ მისი ადგილი აღარ არის ნაციონალურ მოძრაობაში.

– კი, ეს თქვა, მაგრამ შემდეგ დააზუსტა, დაველოდები ჩემი მეგობრის ნიკა მელიას გათავისუფლებას და მერე მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებასო.

– ნიკასთან კონსულტაციებს, რა თქმა უნდა, ვერავინ აუკრძალავს და ეს ჩვეულებრივი ამბავია. მე ასე მივიღე სალომეს განცხადება, რომ ის მიდის. ყოველ შემთხვევაში, უნდა დაელაპარაკოს ნიკას.

ჩვენ ბევრნი ვართ პარტიაში და განსხვავებული აზრის გამო ვერავინ მიიღებს სხვა შეფასებას. მე გაუმართლებლად მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ სანამ ნიკა ციხეშია, რაიმე სახის შეთანხმებაზე მივერთებულიყავით.

– მეორე მხრიდან იყო განცხადებები, რომ ნაციონალურ მოძრაობას პასუხისმგებლობის აღება არ უნდა, ტალახს სხვას ესვრიან და მერე მოსუფთავებულ ველზე უნდათ შესვლა. ამაზე რა პასუხი გაქვთ?

– ეგ, არა მგონია, სერიოზული განცხადება იყოს, იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ავიღეთ და დღესაც გვაკისრია ეს პასუხისმგებლობა. მათ შორის პასუხისმგებლობა ბოიკოტთან დაკავშირებითაც ავიღეთ. ტალახის სროლა რამდენად გამართლებულია ერთმანეთის მიმართ, არ ვიცი. ძალიან თავშეკავებულები უნდა ვიყოთ.

ბიძინა ივანიშვილისთვის ერთგვარი იარაღია, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუპირისპირდეთ. მათ თავიანთი შეხედულება აქვთ და ჩვენ – ჩვენი. ჩვენ ვართ მძიმე მოცემულობაში, როდესაც ჩვენი თავმჯდომარე არის ციხეში. ნიკა გამოვა და ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც პარტიისთვისაც და ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა