“ლელო” “ქართული ოცნების” ოფისთან დღეს განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმაურება.
“პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის დღევანდელი მოქმედება ახალგაზრდა აქტივისტებთან მიმართებაში სცდება ადამიანის ქცევის საზოგადოებაში მიღებულ სტანდარტს.
ეს კიდევ უფრო მიუღებელია იმის გათვალისწინებით, რომ გია ვოლსკი არის მაღალი თანამდებობის პირი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი სახე.
“ლელო” კატეგორიულად გმობს ამ უღირს საქციელს. ვოლსკიმ დღეს შეურაცხყოფა მიაყენა არამხოლოდ იქ მდგომ ახალგაზრდებს, არამედ მთელ საზოგადოებას და ასევე იმ ინსტიტუციას, რომელსაც ის წარმოადგენს – არჩევით ორგანოს – საქართველოს პარლამენტს.
კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ საქართველოს პარლამენტმა და მმართველმა პარტიამ, მიიღოს სათანადო ზომები და დაატოვებინოს გია ვოლსკის ვიცე-სპიკერის თანამდებობა; სხვა შემთხვევაში მის მოქმედებაზე პასუხისმგებლობის გაიზიარება მოუწევს პარტია „ქართულ ოცნებას” და პარლამენტში წარმოდგენილ თითოეულ დეპუტატს”, – აღნიშნულია “ლელოს” განცხადებაში.
“ქართული ოცნების” ოფისთან მოძრაობა “შეცვალე” აქციას მართავდა, რა დროსაც პოლიციამ 12 აქტივისტი დააკავა. მოგვიანებით დააკავეს კიდევ ერთი აქტივისტი ნიკა ფარულავაც.

