“ნამახვანჰესის საქმეში ღარიბაშვილიცაა გარეული და გახარიაც” – ლევან ჩაჩუა

"ნამახვანჰესის საქმეში ღარიბაშვილიცაა გარეული და გახარიაც" - ლევან ჩაჩუამოძრაობა „ქართული იდეის“ ლიდერი ლევან ჩაჩუას “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ „ენკა“, რომელიც ნამახვანჰესს აშენებს. თურქული კომპანიაა და საქართველოს ხელისუფლება მონურად ემორჩილება თურქეთს. ღარიბაშვილი ნამდვილი ფაშაა.

– ფაშას რატომ ადარებთ?

– ის ორი წვეთი წყალივით ჰგავს იმ ვითომ წარჩინებულ ქართველებს, რომლებიც ფაშობის მიღებისთვის, გამორჩენისთვის მიდიოდნენ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ და რჯულსაც კი იცვლიდნენ.  კომპანია „ენკასთან“ დადებულია ქვეყნისთვის წამგებიანი გარიგება. ნამახვანის ჰესის აშენებით არც ენერგოდამოუკიდებლობა გვექნება, არც ეკონომიკური სარგებელი. ეკოლოგები საუბრობენ ეკოლოგიურ ზარალზე.

ჰესის აშენებით დენის ტარიფი გაიზრდება. რა საჭირო იყო მიწის ნაწილის გაყიდვა და ნაწილის 99-წლიანი იჯარით გაცემა?! ეს არის მიწების გასხვისება, რასაც მოჰყვა სამართლიანი პროტესტი. რიონის ხეობის გუშაგები – ადგილობრივი მოსახლეობა – ღირსეული ხალხია. ამ მოძრაობას მეთაურობს ვარლამ გოლეთიანი. საქართველოს ხელისუფლება მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ერთ-ერთ არხზე გამოვიდა თურქეთის ელჩი. მან ორაზროვანი განცხადებები გააკეთა, ახსენა ყარსის ხელშეკრულების 100 წლისთავი. ელჩმა ისიც აღნიშნა, რომ თურქეთს ახალციხესა და ახალქალაქში ჯარი არ შეჰყავს და ჯვრის აღმართვა არ შეიძლება.

– ცოტა ხნის წინ კი გახარიას ადანაშაულებდით კაბალური ხელშეკრულების ხელმოწერაში.

– ამ კაბალურ ხელშეკრულებაში გახარიაც არის გარეული, ღარიბაშვილიც და ბახტაძეც. ეს პროცესი 2014 წელს დაწყებულა, შემდეგ გაგრძელებულა. გახარიამ თავისი პრემიერობის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე ეს სამუშაო დააგვირგვინა. საუბარია დაახლოებით 600 ჰექტარი მიწის გასხვისებაზე. ნახევარი გაყიდეს, ნახევარი 99-წლიანი იჯარით გასცეს. ეს გაკეთდა 121 ლარად. ეს აშკარა ღალატი და კორუფციაა.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა