სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოადგილესთან, გიორგი ბურჯანაძესთან ერთად რუსთავის პენიტენციური დაწესებულება დატოვა, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეხვდა.
ნინო ლომჯარია პროკურატურას რეკომენდაციას აძლევს, რაც შეიძლება მალე იყოს ნიკა მელიას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიღებული.
სახალხო დამცველის თქმით, მელიას გირაოს გადახდასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია.
„მე დამრჩა შღაბეჭდილება, რომ ის ისევ იმ პოზიციაზეა, რაც ჰქონდა გირაოს საკითხთან დაკავშირებით. ის თვლის, რომ გირაო ამ შეთანხმების საგანი არ ყოფილა, ასევე საუბრობს იმაზე, რომ მასთან გირაოსთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაციები მხარეების მხრიდან არ ყოფილა.
ჩემი პოზიციაა ის, რომ პროკურატურას დღესვე შეუძლია ნიკა მელია გაათავისუფლოს, ეს გირაოს შეფარდების გარეშეცაა შესაძლებელი. თუ ხელშეკრულება იმისთვის არის დადებული, რომ პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაცია მოხდეს, ეს გადაწყვეტილება შეუძლია ძალიან თავისუფლად მიიღოს.
მე და ნიკა მელიას ამის შეცვლა არ შეგვიძლია, თუმცა, ჩემი რეკომენდაცია პროკურატურის მისამართით იქნებოდა, რომ რაც შეიძლება დროზე იყოს ეს გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა, ვერ გეტყვით, რა გეგმები აქვს პროკურატურას, ან ხელისუფლებას, რადგან თავად ხელშეკრულება ამნისტიაზე საუბრობს და თუ ამნისტიის აქტი იქნება მიღებული, ეს პარლამენტის გადასაწყვეტია.
ნიკა მელია თვლის, რომ მან გირაო არ უნდა გადაიხადოს, ამბობს, რომ ციხეში იმის გამო ჩაჯდა, რომ მისი მხრიდან გირაოს გადახდა სამართლიანი არ იყო. შესაბამისად, ფიქრობს, რომ ამ შეთანხმების გამოსავალი გირაოს გადახდა არ უნდა იყოს”,- განაცხადა ლომჯარიამ.
იპნ