რუსი ჟურნალისტი პოზნერზე – “ძალიან სამარცხვინო ისტორიაა”

რუსი ჟურნალისტი პოზნერზე - "ძალიან სამარცხვინო ისტორიაა"თბილისში ვლადიმირ პოზნერის ვიზიტს რუსული არხის, დოჟდის, მთავარი რედაქტორი, ტიხონ ძიადკო ფეისბუქში გამოეხმაურა:

“გუშინ აეროპორტში გადაღებული ფოტო გამოვაქვეყნე და დავწერე, რომ თბილისში მივფრინავდით, დღეს კი რამდენიმე კითხვა მივიღე, მივფრინავდით თუ არა პოზნერთან ერთად.

მასთან ერთად არ მივფრინავდით. ჩვენ ვნუკოვოს აეროპორტიდან ერევანში ჩავფრინდით, იქიდან კი თბილისში.

თბილისში 9 საათიდან კომენდანტის საათი იწყება. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი დახურულია, ადამიანები და მანქანები ქუჩებში თითქმის არ დადიან, მაღაზიები, რესტორნები, აფთიაქები და ყველაფერი სხვა, დახურულია. დარღვევისთვის 600-დოლარიანი ჯარიმაა. გამონაკლისი მხოლოდ მათთვის არსებობს, ვისაც სპეციალური საშვი აქვს.

და აი ამ ფონზე, თბილისში წვეულებისთვის 8 საათზე ეშვება ჩარტერული რეისი. ყველა სტუმარი ავტობუსით სასტუმრო სტამბაში მიჰყავთ. აქედან, როცა უკვე კომენდანტის საათი იწყება, ისინი სასტუმრო ვინოტელში მიჰყავთ სავახშმოდ, თანაც, მათ პოლიციის მანქანა მიუძღვის მოციმციმე შუქებით. აქ უკვე ის ხდება, რაც მოხდა – მიტინგი, კვერცხების სროლა და გინება.

ადამიანებისთვის კვერცხების დაშენა და გინება არც ისე კარგი რამეა. მაგრამ საკუთარი განცხადებით აფხაზეთის შესახებ ქვეყნის ეროვნულ ტრაგედიაზე შეხება, შემდეგ კი ამ ქვეყანაში ისე ჩასვლა, თითქოს არაფერი მომხდარა, ბევრად უარესია.

საქართველოსთვის ეს ისტორია ეხება ათასობით დაღუპულსა და 250 ათას დევნილს. ისე გამოდის, რომ დიდი ქვეყნიდან პოლიციის დახმარებით კოლონიზატორები ჩამოვიდნენ, რათა კარგი დრო ატარონ, სანამ აბორიგენები სახლში სხედან და მაღაზიაში გასვლაც არ შეუძლიათ.

ეს უკვე უბრალოდ ცუდი რამ კი არა, ძალიან სამარცხვინო ისტორიაა.”

ტაბულა